ახალი ამბები

ჩანაწერებს შორისაა ინფორმაცია ჩვენი წარმომადგენლების გეგმებზე — TDI

15 სექტემბერი, 2021 • 768
ჩანაწერებს შორისაა ინფორმაცია ჩვენი წარმომადგენლების გეგმებზე — TDI

“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის”(TDI) განცხადებით, საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ჩანაწერების შესახებ. ორგანიზაციის თანახმად, მასალებში ფიგურირებს ინფორმაცია მისი წევრების შესახებაც.

TDI-ის სიტყვებით, მასალებმა აჩვენა, რომ “ხელისუფლება, სუს-ის მეშვეობით, აკონტროლებს და უთვალთვალებს საზოგადოების ფაქტობრივად ყველა ჯგუფის წარმომადგენელს”.

“ხელისუფლების მიერ მოქალაქეების ტოტალური კონტროლი, უკანონო მოსმენა, პირადი ცხოვრების შესახებ მოპოვებული მასალების მოპოვება და დამუშავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ხელყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუვალობას და სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ კოლაფსს ავლენს.

გასაჯაროებული ინფორმაციით, ხელისუფლება უსმენს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ოპოზიციას, რელიგიურ გაერთიანებებს – როგორც საპატრიარქოს, ასევე არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებს, აგროვებს და ინახავს მათ პირად საუბრებს, მიმოწერას, სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას.

მასალები შეიცავს ადამიანების პირადი ცხოვრების, მათი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

TDI-ის თქმით, “რელიგიის თავისუფლების დაცვა და საზოგადოების ტოლერანტული განვითარების პერსპექტივა უდიდესი საფრთხის წინაშე დგას”.

“რელიგიურ გაერთიანებებს, ორგანიზაციებს, ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ საქართველოში კონსტიტუციისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აკონტროლებს ხელისუფლება და ცდილობს მათ დისკრედიტაციას.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩანაწერებს შორის არსებობს TDI-ის წარმომადგენლების შესახებ რეზიუმეები დაგეგმილი შეხვედრების, ვიზიტების, სამომავლო გეგმების, რელიგიურ ორგანიზაციებთან საუბრებისა და ურთიერთობის შესახებ”, — დასძენს ორგანიზაცია.

“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანები უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა და სხვა:

“თუმცა, როგორც ვხედავთ, ხელისუფლება წლების განმავლობაში საკუთარ უფლებამოსილებას პოლიტიკური ანგარიშსწორების, ადამიანების ყოვლისმომცველი კონტროლის, დაშინების, შანტაჟის, მათ შესახებ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მადისკრედიტირებელი ჭორების გავრცელებისა და პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით იყენებს.

უახლოეს მომავალში აუცილებელია, განხორციელდეს სუს-ის ინსტიტუციური რეფორმა და მის მთავარ ფუნქციად განისაზღვროს კონტრდაზვერვა, ანტიტერორისტული საქმიანობა და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა.

სუს-ის რეფორმა უნდა მოიცავდეს სამსახურის ეფექტიანი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების კომპონენტს, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს უკანონო ფარული მოსმენისა და თვალთვალის რისკებს”.

მოცემულ კონტექსტში ორგანიზაცია 2014 წელს პრემიერის დაქვემდებარების ქვეშ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნების ფაქტსაც ახსენებს. მისი შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ “რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფერო სახელმწიფო კონტროლისა და უსაფრთხოების სამსახურების მოქმედების სფეროში მოაქცია”.

განცხადებაში ასევე ნახსენებია “სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს” ყოფილი შეიხის, ვაგიფ აქპეროვის მონაყოლიც, რომლის თანახმადაც მას სუს-ში აიძულეს, დაეტოვებინა ეს პოზიცია. მოგვიანებით, სპეცსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, “მთავარ არხთან” ინტერვიუში თქვა, რომ თავად შეიყვანა აქპეროვის კომპიუტერში ვირუსი პირადი ცხოვრების თვალთვალის მიზნით.

“ვაგიფ აქპეროვის იძულების საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. გარდა ამისა, ხელისუფლებას ბოლო წლებში არაერთი მცდელობა ჰქონდა, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფერო სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივით საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე შეეზღუდა.

ხელისუფლებას ამ დრომდე არ აუღია პოლიტიკური პასუხისმგებლობა უპრეცედენტო მასშტაბის მასობრივ უკანონო მიყურადებაზე, თვალთვალზე, შანტაჟზე – მოქალაქეების ფარულ კონტროლზე. მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არ გაკეთებულა არცერთი განცხადება, რომელიც ადეკვატურად შეაფასებდა საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს.

ამგვარი ხელისუფლება აღარ იმსახურებს მოქალაქეების ნდობას!” — დასძენს TDI.


13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-სგან არის გამოჟონილი. არაერთმა ჟურნალისტმა ფაილებში თავისი საუბრები ამოიცნო რესპონდენტებთან და სხვებთან.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. “ქართლი ოცნების” ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ოპოზიციურ პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროცესი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

თამარ ჩიხლაძე და ნატა ფერაძე ვარაუდობენ, რომ მათი სახლში საუბარი ჩაიწერეს

მასალების გადაბეჭდვის წესი