ორგანიზაცია “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი”(TDI) ინდოეთიდან მომავალი პირებისთვის დაწესებულ მოთხოვნებს დისკრიმინაციულად მიიჩნევს. საუბარია ცვლილებაზე, რომელიც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
ცვლილების მიხედვით, ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე, შემდგომ კი -სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით.
TDI-ს შეფასებით, ხსენებული რეგულაციები შესაძლოა განხილული იყოს დისკრიმინაციად ეროვნების, მოქალაქეობისა და წარმოშობის ნიშნით.
” დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, არაპირდაპირი, ანუ ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ზღუდავს პირის უფლებას რომელიმე ნიშნის გამო, როდესაც ასეთ შეზღუდვას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, ან უფლების შეზღუდვისთვის გამოყენებული საშუალება არ არის თანაზომიერი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
შესაბამისად, მთავრობის მიერ დამტკიცებული შერჩევითი ზომები ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ არის ზედმეტად მკაცრი, არაგონივრული, არაპროპორციული და დისკრიმინაციული”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, პანდემიის პირობებში, უცხოელი სტუდენტები, განსაკუთრებით კი, ინდოეთის მოქალაქეები, გასულ წელსაც აწყდებოდნენ რიგ პრობლემებს სწავლის პროცესთან დაკავშირებით. TDI დასძენს, რომ მათმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა ეკონომიკური და ფინანსური სირთულეების გამო, უკან დაბრუნება კი ვეღარ შეძლო.
“გარკვეულ ეტაპზე სწავლება უნივერსიტეტებმა დისტანციურ რეჟიმში გადაიტანეს. თუმცა, შემდგომში, კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისიწნებით. მაგრამ სტუდენტების დიდ ნაწილს, საკუთარ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების, ფინანსური პრობლემების და საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით არსებული არაერთი გაურკვევლობის გამო, არ შეეძლოთ საქართველოში დაბრუნება.
შედეგად, ისინი სასწავლო პროცესსაც ჩამორჩნენ. იმ პირობებში, როდესაც ინდოეთის მოქალაქეები უამრავ დაბრკოლებას ისედაც აწყდებინ როგორც საქართველოში შემოსვლის მხრივ, ისე საქართველოში სხვადასხვა სერვისებით სარგებლობისას, აღნიშნული დამატებითი არაპროპორციული შეზღუდვები კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მათ უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობას.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადახედოს ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ დადგენილ რეგულაციებს და შეცვალოს ისინი პროპორციული და არადისკრიმინაციული ღონისძიებებით”, — აცხადებს TDI.
ვაქცინა, PCR ტესტი და 14-დღიანი კარანტინი — მოთხოვნები ინდოეთიდან შემოსასვლელად