ახალი ამბები

რას უპირებს სახელმწიფო პარლამენტთან აღმართულ ჯვარს

8 ივლისი, 2021 • 4312
რას უპირებს სახელმწიფო პარლამენტთან აღმართულ ჯვარს

პარლამენტის წინ ამ დრომდე რჩება დიდი ზომის ჯვარი, რომელიც ადგილზე 5 ივლისს მიიტანეს ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა. ქალაქის მერიას აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, არასამთავრობო სექტორში კი დასძენენ, რომ მსგავსი ფაქტი ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის პრინციპს, რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული.

3 დღის შემდეგ კონსტრუქცია ისევ ადგილზეა

ზემოხსენებულმა ჯგუფებმა ჯვარი საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან 5 ივლისს, ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში განათავსეს. აღნიშნულს წინ უძღოდა ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა ამავე შეკრების მონაწილეთა მიერ.

ის, რომ კონსტრუქცია აქციის ორგანიზატორებს თავიანთი პროტესტის მხოლოდ დროებით ატრიბუტად არ წარმოედგინათ, ჩანს ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის რეპლიკაში:

“საქართველოს მთავარ მოედანზე უნდა იდგას წმინდა ნინოს ჯვარი!”.

ჯვარი და თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ჯვარი და თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ჰომოფობიური აქციის მონაწილეების მიერ სპონტანურად აღმართული ჯვარი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი კონსტრუქცია, რომლის დამონტაჟებაც ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მსგავს ადგილებში სურს, სპეციალურ ნებართვას საჭიროებს. უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციებით კი მერიის შესაბამისი სამსახური უნდა დაინტერესდეს.

როგორც “ნეტგაზეთს” მერიის პრესსამსახურში უთხრეს, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.

“ჯვარი საკანონმდებლო ორგანოს წინ ეწინააღმდეგება სეკულარიზმს”

“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” წარმომადგენელი მაკო ღავთაძე პრობლემას ვერ ხედავს ჯვარში, როგორც რელიგიურ სიმბოლოში, თუმცა ეწინააღმდეგება მის არსებობას პარლამენტის შენობის შესასვლელთან. “ნეტგაზეთთან” საუბრისას თავის პოზიციას ორი ძირითადი მიზეზით ხსნის:

“ჯერჯერობით, ფორმალურად მაინც, კონსტიტუციის დონეზე, საქართველო ითვლება სეკულარულ სახელმწიფოდ, სადაც რელიგია და სახელმწიფო ერთმანეთისგან დამოუკიდებელია.

რა თქმა უნდა, ჯვარში არ არის პრობლემა, ზოგადად. მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს წინ [ჯვრის აღმართვა] სეკულარობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

მეორე მხრივ, რა ფორმითაც მოხდა ამ ჯვრის დადგმა, მას არაფერი აქვს საერთო რწმენასა და რელიგიასთან. ეს გააკეთა ძალადობრივმა, ექსტრემისტულმა ჯგუფმა საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებისთვის; იმის დემონსტრირებისთვის, რომ თუ მათ სურთ, საკანონმდებლო ორგანოს წინაც შეუძლიათ, განახორციელონ ნებისმიერი აქტი”, — დასძენს მაკო ღავთაძე.

მაკო ღავთაძე

ის ელის, რომ ძალადობრივი ჯგუფები პარლამენტთან ამ დრომდე მდგარ კონსტრუქციას მანიპულაციებისთვის გამოიყენებენ და ეს განსაკუთრებით პრობლემურად მიაჩნია იმ ფონზე, როცა “ხელისუფლება, როგორც სხვა ბევრ საკითხშიც ჩანს, ვერაფერს უბედავს ვერც ამ დაჯგუფებებს და ვერც საპატრიარქოს”.

“შესაბამისად, არ ვიცი, როგორ იმოქმედებს ხელისუფლება, მაგრამ უნდა იმოქმედოს ზუსტად სახელმწიფოებრივი პრინციპებიდან გამომდინარე და გადადგას ეს ნაბიჯი. შეუძლიათ, გადაწყვიტონ, გადაიტანენ ამ ჯვარს სხვა ტერიტორიაზე, მაგალითად, ქაშუეთის ტერიტორიაზე თუ სხვაგან, ეს მათი გადასაწყვეტია.

მაგრამ მე ცალსახად არ ვთვლი, რომ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში უნდა იყოს ეს ჯვარი აღმართული. მეორე მხრივ, ეს [ჯვარი] არის აბსოლუტურად თვითნებურად დადგმული. მსგავსი კონსტრუქციის დადგმას სპეციალური ნებართვა სჭირდება. ეს ცალკე საკითხია, რომ საერთოდ უკონტროლოა ეს კრიმინალური, ექსტრემისტული ჯგუფები სახელმწიფოს მხრიდან.

მათ შეუძლიათ, პარლამენტის შესასვლელში ჩააბეტონონ, რაც სურთ, ან ზედიზედ ორჯერ ჩამოგლიჯონ ევროკავშირის დროშა ვანდალური ფორმით. ისინი ხელშეუხებლობით სარგებლობენ ხელისუფლებისგან. ეს ყველაფერი, რაც ამ დღეებში ვნახეთ, მიუთითებს, რომ სახელმწიფო უარს ამბობს სახელმწიფოებრიობასა და კონსტიტუციაზე”, — აღნიშნავს ღავთაძე.

რას პოზიცია აქვს საპატრიარქოს

საპატრიარქოს პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა იმ დამოკიდებულების ფონზე, რომელიც ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იაონემ “რიონის ხეობის მცველების” მიერ სოფელ ნამოხვანში ჯვრის აღმართვის შემდეგ გამოავლინა.

მიმდინარე წლის თებერვალში სასულიერო პირმა გააკრიტიკა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისტების სტრატეგია და ხაზი გაუსვა მათ მიერ სოფელში ჯვრის განთავსებას შესაბამისი კურთხევის გარეშე.

“…კურთხევის გარეშე, თვითნებურად დადგეს დიდი ზომის ჯვარი სავალ ნაწილზე, რომ შეფერხებულიყო ფირმის [კომპანია ენკას] ტექნიკის მოძრაობა. მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელიც დასაქმებული იყო აქ და დარჩა უმუშევარი. სიტყვით პასუხს ხელისუფლებას სთხოვენ, საქმით კი ფირმაზე ზეწოლას ახდენენ”.

“სიტყვა არ ისმინეს და ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, უფლის ჯვარი, დაპირისპირების საბაბად აქციეს, სამართლებრივი გზით სვლას ქუჩის აქციები ამჯობინეს”, — ამბობდა ის.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, რომელიც მაშინ დაპირისპირების გამო წუხდა, 5 ივლისს თავად იდგა ქალაქის ცენტრში თბილისი პრაიდის წინააღმდეგ, 8 ივლისს კი მოძალადეების მიერ სასტიკად ნაცემი ჟურნალისტი თავად დაადანაშაულა ძალადობის პროვოცირებაში.

ეკლესიის ამჟამინდელი პოზიციის გარკვევა “ნეტგაზეთმა” საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან სცადა. სასულიერო პირს ვკითხეთ, რას გეგმავს საპატრიარქო პარლამენტთან განთავსებულ ჯვართან დაკავშირებით და ეთანხმება თუ არა აღნიშნულ ქმედებას.

“სიმართლე გითხრათ, ისეთი დღეები იყო, ამაზე ცალკე არ გვიმსჯელია…

დავაზუსტებ უბრალოდ, ჩემი აზრი ხომ არ არის საინტერესო… უბრალოდ, იმდენად გადაფარა სხვა ამბებმა ყველაფერი, რომ ამაზე ცალკე არ ყოფილა მსჯელობა”, — გვითხრა მან.

დამაზუსტებელ კითხვას, მონაწილეობდა თუ არა საპატრიარქო ამ პროცესში და არსებობდა თუ არა რომელიმე სასულიერო პირის კურთხევა, დეკანოზმა ასე უპასუხა:

“ვერ გეტყვით. იქ მღვდელმთავარი იყო და, სავარაუდოდ, მისი ჩართულობა იქნებოდა ამაში. ვერ გეტყვით დაზუსტებით, დრო მჭირდება”.

5 ივლისის ძალადობა: რა მოხდა ჯვრის აღმართვის შემდეგ?

როდესაც საკანონმდებლო ორგანოსთან ლოცვის ფონზე ჯვარი განათავსეს, ძალადობრივ ჯგუფებს უკვე დარბეული ჰქონდათ “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეთა კარვები. უფრო მოგვიანებით კი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად მობილიზებული პირები ცენტრალურ ქუჩებზე გაიშალნენ და მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება დაიწყეს.

ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, ჯამში, 53 ჟურნალისტი დაზარალდა. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

მედიის წარმომადგენლები, რომლებიც 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლებმა სცემეს

გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ამავე დღეს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა იერიში მიიტანეს “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისებზე.

ჟურნალისტებზე თავდასხმის, ასევე “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 15 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი