ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანს ევროპარლამენტარებისა და საერთაშორისო მეცნიერების დაკავება სურს

23 თებერვალი, 2017 • 2127
აზერბაიჯანს ევროპარლამენტარებისა და საერთაშორისო მეცნიერების დაკავება სურს

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო სომხეთის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის იმ მეცნიერების წინააღმდეგ, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არსებულ აზიხის გამოქვაბულში საველე კვლევით სამუშაოებს ატარებდნენ.

აზერბაიჯანის კანონმდებლობით, მთიან-ყარაბაღში, რომელსაც აზერბაიჯანი ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს, ნებისმიერი მოქალაქის ვიზიტი უკანონოა და აზერბაიჯანის კანონმდებლობით ისჯება.

აზერბაიჯანულმა მხარემ ბრიტანელ და ესპანელ არქეოლოგებს წინა წლებშიც მოუწოდა, მონაწილება არ მიეღოთ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე წარმოებულ გათხრებში.

ამჟამად, ბრიტანეთში, ესპანეთსა და სომხეთში მომუშავე რამდენიმე მკვლევრის მიმართ აზერბაიჯანში სხვადასხვა მუხლით სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო.  მიღებულია სასამართლო გადაწყვეტილებაც მათი დაკავების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციითვე, მეცნიერების საერთაშორისო ძებნაში გამოსაცხადებლად აზერბაიჯანულმა მხარემ ინტერპოლს მიმართა.

მთიან  ყარაბაღში 2017 წლის 20 თებერვალს გამართული რეფერნდუმზე დასწრების გამო აზერბაიჯანს, ასევე, რამდენიმე ევროპარლამენტარის, ფრანკ ენგელი [ლუქსემბურგი], ელენი თეოხარუსი [კვიპროსი] და იარომირ შტეტინი [ჩეხეთი] საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება სურს.

მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ვიზიტის გამო აზერბაიჯანის არასასურველ პირთა განახლებულ სიაში 180 საერთაშორისო მედიის წარმომადგენელიც, მათ შორის, ჟურნალისტი საქართველოდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, გურამ როგავა მოხვდა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში  2016 წლის აპრილში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს აშუქებდა.

2016 წლის 7 დეკემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანის აღნიშნულ სიაში 623 უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიყვანეს, მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის, საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, უკრაინის, ისრაელის, ბელგიის, ინდოეთის, შვეიცარიის, იტალიისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი