ახალი ამბები

მიქაელ ბოტკოველი: სინოდის წევრებს სურდათ, ცოტა მეტი ინფორმაცია მიეღოთ გენპროკურორისგან

21 თებერვალი, 2017 • 2219
მიქაელ ბოტკოველი: სინოდის წევრებს სურდათ, ცოტა მეტი ინფორმაცია მიეღოთ გენპროკურორისგან

საქართველოს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს აცნობა იმ შეხვედრების შედეგების შესახებ, რომლებიც დღეს საპატრიარქოში შედგა.

“როგორც ნახეთ, საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა მისი უწმინდესობის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, დიდი ჯგუფი ეკლესიის მღვდელმთავრების. ჩვენი ხელისუფლებისგან შეხვედრაზე იმყოფებოდა ასევე საქართველოს გენერალური პროკურორი. ჩვენ მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში.

ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს. გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი და სადაც იქნება ჭეშმარიტება ასახული.

ასე რომ, დღეს ამ შეხვედრით შემოვიფარგლებით. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ ნუ დაიწყებენ ამ საკითხით სპეკულირებას. მივცეთ საშუალება საგამოძიებო სტრუქტურებს, აწარმოონ შესაბამისი საქმიანობა, ადვოკატებმა დაიცვან თავიანთი დასაცავი პირი, ბრალდებულმა გააკეთოს შესაბამისი შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი კომენტარები და მისი აზრი ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა. მოკლედ, ველოდებით მოვლენების ამგვარად განვითარებას. მინდა ყველას გთხოვოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. გამოძიებას ვენდოთ და დაველოდოთ გადაწყვეტილებებს.

სინოდის წევრებს და მის უწმინდესობას ჰქონდათ სურვილი, ცოტა მეტი ინფორმაცია მიეღოთ გენერალური პროკურორისგან. ბატონი ირაკლი იმყოფებოდა საპატრიარქოში, ახლაც იქ არიან. მათ იმსჯელეს ამ საკითხებზე და რამდენადაც შესაძლებელი იყო და რამდენადაც აუცილებელი იყო წმინდა სინოდის წევრებისთვის მისი უწმინდესობისთვის ინფორმაციის გაზიარება, საგამოძიებო სტრუქტურებმა ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წუთისთვის ვერ შევაფასებთ, ვერ ვიტყვით მამა გიორგის ბრალეულობის საკითხს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელსაც დადებს საგამოძიებო სტრუქტურა”,– განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი