ახალი ამბები

სააკაშვილმა მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ — ბოტკოველი

7 ოქტომბერი, 2021 • 3944
სააკაშვილმა მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ — ბოტკოველი

პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა.

ბოტკოველის თქმით, არ იცის, შეწყვეტს თუ არა სააკაშვილი შიმშილობას.

“მე არ ვყოფილვარ მის საკანში, ჩვენ შევხვდით ნეიტრალურ ზონაში. მან მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ მას. სხვა არაფერი. სისუსტე მისთვის არ შემიმჩნევია”, — განაცხადა ბოტკოველმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გამომდინარე, ჟურნალისტებმა ბოტკოველს ჰკითხეს სააკაშვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.

“მე არ გახლავართ ამ დარგის სპეციალისტი და ვერ ვამჩნევ ადმაიანების ფსიქიკურ მდგომარეობას. ჩვენ მშვიდად და წყნარად ვისაუბრეთ, არაფერი პრობლემა კომუნიკაციაში არ გვქონია”, — თქვა ბოტკოველმა.

მანამდე საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილს გადასცა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დალოცვა, მოკითხვა და, როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება.

მასალების გადაბეჭდვის წესი