ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოცხადდა

21 თებერვალი, 2017 • 1776
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოცხადდა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად დღეიდან კონკურსი ცხადდება. ინფორმაციას ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 30 წლიდან 65 წლამდე ასაკის საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას; ევროპის საბჭოს ერთერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული); ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება; საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს  კანონმდებლობას.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ან უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე; ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაციასაბუთებისა და განაცხადების მიღება 2017 წლის 14 მარტამდე გაგრძელდება.

შემოსული განაცხადებიდან სამ კანდიდატურას სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან:

  • საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
  • საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი;
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი;
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი;
  • ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი;
  • საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი;
  • საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი;
  • საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი;
  • სსიპივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისიურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
  • კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კომისიის შემადგენლობა კიდევ უფრო გაფართოვდა წინა კონკურსთან შედარებით, ხოლო კანდიდატებისათვის საგამოცდო ეტაპები იგივე დარჩა.

კერძოდ, კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: საბუთების მიღება და მათ საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენა; პირველი ეტაპის შედეგად წარმატებული მოსამართლეობის მსურველები ჩააბარებენ გამოცდას უცხო ენაში; გამარჯვებულ კანდიდატებს კომისია გაესაუბრება; კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და მიანიჭებს  ქულას.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე, სამდივნო გასაუბრების დღესვე გამოიყვანს თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამურ ქულას, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია. როგორც წინა კონკურსის დროს, ჯამური ქულების გამოყვანის პროცესზე დასწრება შეუძლიათ შესარჩევი კომისიის წევრებს.

სამდივნოს მიერ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამების შედეგად შედგენილი ორი სიის საფუძველზე შედგება საბოლოო, 5-კანდიდატიანი სია,  რომელშიც ორივე სიიდან შევლენ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები. ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული.

კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა წარდგენილი კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა და საბუთები  თავდაპირველად წარედგინება ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთერთ მათგანს. პროცედურის დასასრულს კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ რეკომენდებული არც ერთი კანდიდატი არ მიიღო. საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილი იყვნენ – სანდრო ბარამიძე, ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი