ახალი ამბები

პროტოპრესვიტერი: საპატრიარქოს არ აქვს საფუძველი, არ ენდოს გამოძიებას

18 თებერვალი, 2017 • 3875
პროტოპრესვიტერი: საპატრიარქოს არ აქვს საფუძველი, არ ენდოს გამოძიებას

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში განაცხადა, რომ მან მიიღო კურთხევა პირადად პატრიარქისგან, რომ გამოსულიყო ტელევიზიით და საპატრიარქოს პოზიცია გაეჟღერებინა.

მისი თქმით, მკვლელობა უმძიმესი ცოდვაა, მაგრამ უფრო მძიმე ცოდვაა, თუკი ვინმე პატრიარქის მკვლელობას განიზრახავს.

“ეს არის უმძიმესი საკითხი, მეც პირადად ვიცნობ მამა გიორგის, არავის არ აქვს მოლოდინი, რომ მან განიზარახა რომელიმე მაღალი სასულიერო პირის მკვლელობის. საპატრიარქოს არ აქვს საფუძველი, რომ არ ენდოს და ეჭვი შეიტანოს გამოძიებაში. როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე, ეკლესია არის ის ინსტიტუცია, რომელსაც მართებს თვალი გაუსწოროს სიმართლეს”, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

მან ასევე დასვა კითხვა, თუ ვის და რატომ დაჭირდა პატრიარქის განცხადების შემცირებული ვერსიით წარმოდგენა. პატრიარქის გამოხმაურება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ზუგდიდის და ცაიშის ეპარქიამ გამოაქვეყნა ორ ნაწილად 16 თებერვალს, თუმცა დღეს ამ ჩანაწერის სრული ვერსია გამოაქვეყნა ტელეკომპანია “ობიექტივმა”, საიდანაც ჩანს რომ დეკანოზის შესახებ პატრიარქის ტექსტის ნაწილი ამოღებულია.

პროტოპრესვიტერი ასევე გამოეხმაურა ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებებს, რომელმაც ეკლესიის წინააღმდეგ და კორუფციულ ქმედებებში დაადანაშაულა პატრიარქის მდივან რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი და მისი გუნდის წევრებად დაასახელა ქორეპისკოპოსი იაკობი, მდივანი მიქაელ ბოტკოველი და თავად პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

“მეუფე პეტრეს საუბარმა არაერთი ვარაუდი გაუჩინა საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ეს ასე არ შეიძლება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით არ არის არავითარი დაპირისპირება, არ არის შფოთვის საფუძველი. ის პიროვნებები, რომლებიც დასახელდა მეუფე პეტრეს მიერ, ყველა მათგანთან მიხდება შეხება და ეს პიროვნებები დგანან საქართველოს პატრიარქის გვერდით და არიან უაღრესად ერთგულნი ეკლესიის”, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს დააკავეს დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ბერლინში მიფრინავდა და გამოძიების ცნობით, მას ჰქონდა მომწამლავი ნივთიერება – ნატრიუმის ციანიდი და ჰქონდა მომზადებული ერთ–ერთი ადამიანის მკვლელობის გეგმა. დეკანოზის დაკავება პროკურატურამ 13 თებერვალს გაასაჯორვა, თუმცა საქმის დეტალებს არ ასაჯაროებს დღემდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი