ეკა ბესელია. 28.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ეკა ბესელია “ციანიდის საქმეზე”: რა ვიცით, გამოძიება ვის მიმართ გამოავლენს დანაშაულის შესაძლო ჩადენას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით,   დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და საზოგადოება მის დასრულებას უნდა დაელოდოს.

“დანაშაულის მომზადების ეტაპზე დააკავეს ადამიანი, რომელსაც საწამლავი გადაჰქონდა საზღვარზე. ამ ეტაპზე ესაა საჯარო ინფორმაცია, თუმცა საბოლოოდ, ვის საწინააღმდეგოდ მზადდებოდა ეს შემზარავი დანაშაული, ვინ გამოიკვეთება, ამას იტყვის გამოძიება, როცა მტკიცებულებებს შეაჯამებს და შემდეგ სასამართლო. ადამიანის სიცოცხლის საწამლავით, ან ნებისმიერი სხვა ფორმით ხელყოფა არის უმძიმესი დანაშაული,” – ამბობს ეკა ბესელია.

დღეს მთავარი პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას არ ამზადებდა. ეკა ბესელიას განცხადებით, ნათია სუხიაშვილს საქმის მასალებზე წვდომა არ აქვს:

“ნათია სუხიაშვილს საქმის მასალებზე არ აქვს წვდომა, ისევე როგორც  არ გვაქვს დეპუტატებს. საქმის მასალებში რა არის, ამას გვეტყვის გამოძიება, როდესაც ყველა მტკიცებულება შეგროვდება. არავის უთქვამს, რომ გამოძიება დასრულდა. რა ვიცით, გამოძიება რომელი პირის მიმართ გამოვლენს დანაშაულის შესაძლო ჩადენას?”

ბესელია მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის პირობა გაუთქმელობაზე,  იმას არ ნიშნავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ადვოკატებმა არ დაიცავ:

“ჩვენც იმ პოზიციაზე ვართ, რომ გაუთქმელობის პირობა მოიხსნას. ვნახოთ, შეიძლება მაგ ეტაპზე მივიდეთ.  გაუთქმელობა  იმას ნიშნავს, რომ საქმეში დევს ბევრი ისეთი მტკიცებულება, რომლის გასაჯაროვება გამოძიების აზრით, არ შეიძლება. როცა დაცვის მხარეს აფრთხილებენ, რომ არ გაახმოვანოს მასალები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი დასაცავი არ დაიცვა. ეს ნიშნავს, რომ შენ სხვა ფორმით შეიძლება დაიცვა. ” – აღნიშნავს ეკა ბესელია.


პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ 13 თებერვალს  განცხადებაში.

14 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რუსთავის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამალაძის თქმით, მის მიმართ წარდგენილ ბრალში სასულიერო პირზე საერთოდ არაა საუბარი.

დღეს, 16 თებერვალს  საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის წარდგენილ ბრალში არ ფიგურირებს პატრიარქის მკვლელობის მომზადება.

“არ იგულისხმება პატრიარქი ბრალში, დადასტურებით გეუბნებით. მთავარი პროკურორი თავის ბრიფინგზე ამბობს, რომ ეს არ არის პატრიარქი,”- განუცხადა ნეტგაზეთს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა.

თუმცა, სწორედ პროკურატურის განცხადების შემდეგ საქარველოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება, რაც მიუთითებდა, რომ პროკურატურა საუბრობდა პატრიარქზე.  პრემიერმა პროკურატურის განცხადების შემდეგ განაცხადა, რომ  “აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული – ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.