ახალი ამბები

მამალაძის თქმით, ბრალში სასულიერო პირზე საერთოდ არაა საუბარი – ომბუდსმენი

14 თებერვალი, 2017 • 2438
მამალაძის თქმით, ბრალში სასულიერო პირზე საერთოდ არაა საუბარი – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რუსთავის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამალაძის თქმით, მის მიმართ წარდგენილ ბრალში სასულიერო პირზე საერთოდ არაა საუბარი.

“დეკანოზი ბრალს არ აღიარებს და აგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ სიმართლე გაირკვეს, რომ არ მიეცეს ამ საკითხს რაღაცნაირად პოლიტიზირება. ასევე, ითხოვს, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება იყოს დაცული. ცალკე, მე მოვითხოვ, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული,” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ნანუაშვილის თქმით, რასაც ადასტურებს გიორგი მამალაძე, არის ის, რომ მაღალ იერარქებთან დაკავშირებით საერთოდ არ არის საუბარი.

“ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელონი დეტალი. ყოველ შემთხვევაში, ბრალში, რომელიც მას ოფიციალურად წარედგინა, მისი ინფორმაციით, მაღალ იერარქზე/სასულიერო პირზე საუბარი არ არის,” – განაცხადა ომბუდსმენმა.

როგორც ნანუაშვილი აცხადებს, ბრალდებული პროკურატურის მტკიცებულებების გარკვეულ ნაწილს იცნობს, თუმცა რაღაც საკითხებზე მასაც არ აქვს დეტალური ინფორმაცია.

ნანუაშვილის თქმით, ძალიან ბევრი დეტალია ამ საქმეში. ნანუაშვილი ერთ-ერთ პროცედურულ დარღვევად ასახელებს შემდეგს:

“თუნდაც დაკავების დროს მას არ მიეცა ზარის განხორციელების შესაძლებლობა. პროცედურული უფლებები, რომელიც ყველა ბრალდებულს გააჩნია…

… არის საკითხები, რომელიც ეხება გაკვეულ პროცედურულ დარღვევებს. სახალხო დამცველი ჩაერთვება იმისთვის, რომ დეტალურად შევისწავლოთ საქმე,” – განაცხადა ომბუდსმენმა.

ნანუაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქმის დეტალებს არ იცნობს და ჟურნალისტებს მხოლოდ ბრალდებულის ნათქვამს უყვება. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი შეეცდება გაერკვიოს საქმის დეტალებში.

“ის ამბობს, რომ არის უდანაშაულო და სიმართლის დადგენაში [დახმარებას] თხოვს ყველას, მათ შორის, ჩვენც. მე გადმოგეცით, უბრალოდ, მისი დანაბარები. ის ითხოვს განსაკუთრებით მისი ოჯახის უსაფრთხოებას.”

კითხვაზე, ვისი მხრიდან მოხდა უდანაშაულობის პრეცუმფციის დარღვევა, ომბუდსმენი ამბობს: “გუშინ ვისმინე არაერთი კომენტარი, გვარებს არ ვიტყვი, როდესაც მტკიცებით ფორმაში დაასახელეს კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი. მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც.”

ნანუაშვილს მიაჩნია, რომ გამოძიება მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის, რაც მას ასევე უჩენს კითხვის ნიშნებს.

“მას [დაკავებულსაც] აქვს ამაზე კითხვის ნიშნები. საუბრობს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ საქმე იყო წინასწარ მომზადებული და დიდი ხნის წინ დაგეგმილი. კითხვის ნიშნები იარსებებს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს დღემდე არ სჯერა იმის, რაზეც გამოძიება საუბრობს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სახალხო დამცველი გაეცნობა და ამის მიხედვით ჩვენ გვექნება დეტალური ინფორმაცია.”


პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, “გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა”.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

“გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – იუწყება პროკურატურა.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი