ახალი ამბები

ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, დეკანოზის ადვოკატს გაუთქმელობის ვალდებულება გაუუქმოს

16 თებერვალი, 2017 • 5635
ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, დეკანოზის ადვოკატს გაუთქმელობის ვალდებულება გაუუქმოს

სახალხო დამცველი დეკანოზი გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მთავარ პროკურატურასა და სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებს, პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმფციასა და სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის დაკისრებულ ვალდებულება, საჯაროდ არ გაამჟღავნონ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია, უნდა გაუქმდეს

“საჯარო პირებს გამოძიების პროცესში განსაკუთრებული ვალდებულება აკისრიათ, თავი შეიკავონ ნებისმიერი განცხადების გაკეთებისაგან, რომლითაც შესაძლებელია წინასწარ ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველი აცნობიერებს საქმესთან დაკავშირებით არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და მოუწოდებს მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით მტკიცებითი ხასიათის განცხადებებისგან”,-ნათქვამია გაანცხადებაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის საჯარო განცხადების თანახმად, ბრალდებულს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა ჰქონდა განზრახული. დეკანოზის დაკავების ფაქტს გამოეხმაურნენ მათ შორის, პარლამენტის წევრები, პრემიერ–მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. სახალხო დამცველის განმარტებით, მათ დადებითად შეაფასეს, საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობა და აღნიშნეს, რომ დეკანოზის დაკავების შედეგად პატრიარქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და პატრიარქს სახელმწიფო იცავს.

“ცხადია, ასეთი განცხადებები საზოგადოებას სავარაუდო დანაშაულის ადრესატად სწორედ პატრიარქზე მიანიშნებს. საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის 14 თებერვალს შეხვდა და გაესაუბრა ბრალდებულ გიორგი მამალაძეს N6 პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრალდებულთან შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ გიორგი მამალაძის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის მითითება სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაზე. გარდა ამისა, სახალხო დამცველთან საუბრისას ბრალდებული წარდგენილ ბრალდებას აბსურდს უწოდებს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით”,- ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფცია თავიდანვე დაირღვა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით, რადგან საგამოძიებო უწყებამ მტკიცებითი ფორმით მიუთითა, რომ გიორგი მამალაძემ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ „მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა“ კუსტარულ ცეცხლსასროლ იარაღს.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის დაკისრებულ ვალდებულება, საჯაროდ არ გაამჟღავნონ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია, უნდა გაუქმდეს: 

“ამგვარი ზომის გამოყენება, შეესაბამება კანონს, როდესაც იგი აუცილებელია გამოძიების ინტერესებისთვის. ნიშანდობლივია, რომ გიორგი მამალაძის ბრალდებასთან დაკავშირებით შინაარსობრივი მონაცემები თავად პროკურატურის მიერ ვრცელდება. შესაბამისად, გაუთქმელობის ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას შეიძლება ისახავდეს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, გაავრცელოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზნით მოხდა დაცვის მხარისთვის ამგვარი ვალდებულების დაკისრება, ასევე, გააუქმოს იგი, როდესაც აღარ იარსებებს გაუთქმელობის უკიდურესი აუცილებლობა, რათა არ დაირღვეს მხარეთა თანასწორობის პრინციპი”,- განაცხადა სახალხო დდამცველმა

მასალების გადაბეჭდვის წესი