ახალი ამბები

დედა სიდონიას თქმით, პირად ნომერზე მუქარის შემცველი წერილი მიიღო

16 თებერვალი, 2017 • 3510
დედა სიდონიას თქმით, პირად ნომერზე მუქარის შემცველი წერილი მიიღო

დედა სიდონიას თქმით, 14 თებერვალს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის გადაცემა”  “არჩევანში” გაკეთებული განცხადების შემდეგ, პირად ნომერზე მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. იღუმენიამ მუქარის შემცველი წერილი ამავე ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გუშინ, 15 თებერვალს გაასაჯაროვა:

„ხომ არ ფიქრობთ რომ აჩქარდით, ნამდვილად არასასიამოვნო და არადამაჯერებელი განცხადებები გააკეთეთ და სად? “რუსთავი 2-ის” ეთერში. ტელევიზია, რომელიც [აქ იწყება რუსთავი 2-ის ლანძღვა] შეგახსენებთ, რომ ქვეყანა ინგრევა და სიდონიას არ მოსწონს ხელისუფალნი, აუცილებლად გინახულებთ და ამიხსნით ყველაფერს რა, რატომ? დღეს ეკლესიაში ყველა თქვენზე საუბრობდა, რომ არ უნდა განსაჯო და პირიქით, რომ ვაი, უბედურო საქართველო, საით მიდიხარ. პატრიარქის სიყვარულის გამო, რომ დღესვე ვერ მოგინახულებთ, ტელეფონზე მიპასუხებთ იმედია ახლო მომავალში,“ – წერია დედა სიდონიას პირად ნომერზე მიღებულ წერილში.

როგორც თავად იღუმენია აცხადებს, ის გეგმავს საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით სამართალდამცავ უწყებებს მიმართოს. “ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაუკავშირდა კითხვით, დაიწყო თუ არა ფაქტზე გამოძიება. უწყების პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციას იკვლევენ და ჯერჯერობით ვერ გაგვცემენ პასუხს დაიწყო თუ არა გამოძიება.

14 თებერვალს, გადაცემა “არჩევანის” ეთერში დედა სიდონიამ ხელისუფლების წარმომადგენლები დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო გააკრიტიკა. ამასთანავე, დეკანოზის დაკავებასა და საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა. იღუმენიამ არ გამორიცხა, რომ დეკანოზი გიორიგ მამალაძე “თავისი პირდაპირობისთვის ჩამოაშორეს”, რადგან ის პატრიარქის დიდი ნდობით სარგებლობდა და გარკვეული პირებისთვის არასასურველი იყო.

დედა სიდონიამ ასევე განაცხადა, რომ  მისი აზრით, საპატრიარქოში სიტუაცია ძალიან კონტროლირებადია:

„როდესაც სასულიერო პირი მიდის ტელევიზიაში, მედიასაშუალებებს უკავშირდება, ამისთვის უნდა არსებობდეს ოფიციალური ცენზურა და არა ის, რომ სადღაც კულუარებში, ჩემთვის გაურკვეველმა ადამიანებმა და არა პატრიარქმა, მიიღონ გადაწყვეტილება, მოვიდეთ და ვისაუბროთ, თუ არა,“ – განაცხადა დედა სიდონიამ “რუსთავი 2-ის” ეთერში.


პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, “გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა”.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

“გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – იუწყება პროკურატურა.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რუსთავის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამალაძის თქმით, მის მიმართ წარდგენილ ბრალში სასულიერო პირზე საერთოდ არაა საუბარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი