აუდიტორია N115: შრომითი პირობების გაპროტესტების გამო ბიბლუსმა თანამშრომლები გაათავისუფლა

აუდიტორია N115-ის ცნობით, ბიბლუსმა სამსახურიდან გაათავისუფლა 2 თანამშრომელი, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეო–მიმართვა და მათი სამუშაო პირობები საჯაროდ გააპროტესტეს. სტუდენტებმა “ბიბლუსის” გადაწყვეტილებას კომპანიის მაღაზიაში გააპროტესტეს.

“ბიბლუსის” ხელმძღვანელობამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომლებიც აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან კომპანიის ერთ–ერთ ფილიალში. “ბიბლუსის” ადმინისტრაცია სტუდენტებს მაღაზიის დატოვებისკენ მოუწოდებდა, თუმცა ვერ განმარტავდნენ, თუ რატომ უნდა დაეტოვებინათ შენობა.

“აუდიტორია N115″–ის ერთ–ერთი წევრის, ირაკლი კუპრაძის თქმით, 17 თებერვალს მორიგი აქცია გაიმართება “ბიბლუსიდან” გათავისუფლებული თანამშრომლების მხარდასაჭერად.

“მაგალითად, გიორგი კაპანაძე ერთი დაგვიანების გამო გაუშვეს. მოვუწოდებთ ბიბლუსის ყველა თანამშრომელს, რომ ამ ყველაფერზე ხმის ამოუღებლობა არის მონობაში ყოფნა. ბიბლუსი არის სამარცხვინო კომპანია, რომელიც ჩაგრავს თანამშრომლებს. სტუდენტები, ვინც აქ ვდგავართ, სულ რაღაც 10 წუთის ორგანიზებით შევიკრიბეთ. ჩვენ გვექნება დრო, რომ მოვიდეთ და სამართლებრივად მოვთხოვოთ პასუხი კომპანიას. მათ შერცხვებათ ამის – დღეს მხოლოდ ღირსება დაკარგეს და ხვალ ფულიც აღარ ექნებათ. ვაიძლებთ სახელმწიფოს, რომ მოსთხოვოს კომპანიას პასუხი. გელოდებით პარასკევს 18:00 საათზე მორიგ აქციაზე. უთხარით ყველას, რადგან სოლიდარობა არის ის მუხტი, რომელიც ერთმანეთზე გადადის. ეს იქნება სტიმული სხვადასხვა ჩაგრული ჯგუფებისთვის, რომ ამოიღონ ხმა,” – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

როგორც გიორგი კაპანაძემ განაცხადა, მაშ შემდეგ, რაც მან და კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა გავავრცელეს ვიდეომიმართვა, ბიბლუსი ცდილობდა მათ დაშლას, ხოლო გათავისუფლების ბრძანება მან და კიდევ ერთმა თანამშრომელმა დღეს მიიღეს. მისი თქმით, სამსახურიდან “კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო” გაათავისუფლეს.

ნეტგაზეთი “ბიბლუსის” გარე კომუნიკაციების მენეჯერს დაუკავშირდა. კომპანიაში კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს და განგვიცხადა, რომ თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზებსა და მაღაზიაში შესული სტუდენტების პროტესტზე ვრცელ განცხადებას ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნებენ.


“ბიბლუსის გალერეის” ყოფილმა და ამჟამინდელმა თანამშრომლებმა 9 თებერვალს ვიდეომიმართვა და განცხადება გაავრცელეს, სადაც მაღაზიაში არსებულ შრომის პირობებზე საუბრობენ. “ბიბლუსის” თანამშრომელთა ნაწილის განცხადებით, მძიმე და არანორმირებულ შრომით პირობებში უწევთ მუშაობა. კომპანიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ ზოგჯერ 24-საათიან რეჟიმშიც უწევდათ მუშაობა, თუმცა “ბიბლუსის” მხრიდან ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება არ ხდება – ბონუსების სისტემა კი მათთვის გაუმჭვირვალეა.

თანამშრომლების მიერ დასახელებულ პრობლემებს შორის კონსულტანტები დიდ დატვირთვასაც ასახელებენ. მათი თქმით, წიგნის მაღაზიის კონსულტანტებს ხელშეკრულებით ნაკისრის გარდა სხვა მოვალეობების შესრულებაც უწევთ, როგორიცაა პროდუქციაზე თვალის დევნება, რადგან დანაკლისის შემთხვევაში კონსულტანტებს უწევთ მისი ანაზღაურება.

რას პრეტენზიები აქვთ “ბიბლუსის” ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს, ასევე, რა პასუხები აქვს კომპანიის ხელმძღვანელობას მათ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე – ვრცლად.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.