დაპირისპირება “ბიბლუსში” სამუშაო პირობების გამო

წიგნის მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსის” თანამშრომელთა ნაწილის განცხადებით, მძიმე და არანორმირებულ შრომით პირობებში უწევთ მუშაობა. “ბიბლუსის გალერეის” ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ ზოგჯერ 24-საათიან რეჟიმშიც უწევდათ მუშაობა, თუმცა კომპანიის მხრიდან ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება არ ხდება – ბონუსების სისტემა კი მათთვის გაუმჭვირვალეა.

მათ მიერ დასახელებულ პრობლემებს შორის კონსულტანტები დიდ დატვირთვასაც ასახელებენ. მათი თქმით, წიგნის მაღაზიის კონსულტანტებს ხელშეკრულებით ნაკისრის გარდა სხვა მოვალეობების შესრულებაც უწევთ, როგორიცაა პროდუქციაზე თვალის დევნება, რადგან დანაკლისის შემთხვევაში კონსულტანტებს უწევთ მისი ანაზღაურება.

“ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია. მით უმეტეს, დეკემბრის თვეში დღის განმავლობაში მინიმუმ 100 ყუთი მოდიოდა იმიტომ, რომ წიგნებთან ერთად, მოგეხსენებათ, აქ იყო საახალწლო კოლექცია. ეს ყველაფერი იყო ჩვენი გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ამას ვერ ვასწრებდით 8 სამუშაო საათის განმავლობაში და ძალიან ხშირად გვიწევდა ღამის თენება და გამოგვდიოდა დაახლოებით 24-საათიან რეჟიმში მუშაობა, რაც არ არის ანაზღაურებადი კომპანიის მხრიდან,” – ამბობს აკაკი ზოიძე, რომელიც “ბიბლუსის გალერეის” მთავარი კონსულტანტი იყო.

ზოიძის თქმით, ადმინისტრაცია კონსულტატებს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მოთხოვნის პასუხად ეუბნებოდა, რომ ფილიალში საკმარისი რაოდენობის თანამშრომლები არიან იმისთვის, რომ სამუშაოს თავი გაართვან კონტრაქტით გათვალისწინებულ 8 საათში:

“მიაჩნიათ, რომ 18 ადამიანს შეუძლია დღის განმავლობაში მიითვალოს 100 ყუთი, აიტანოს მეორე სართულზე, დაალაგოს თაროებზე, მით უმეტეს, ეს დალაგებული შეიძლება არ მოეწონოთ ჩვენს უფროსებს, ერთ საათში მოვიდნენ, გადაგვალაგებინონ, შემდეგ ისევ გადმოგვალაგებინონ. ეს ხდებოდა დღეში ოთხჯერ, ზოგჯერ ხუთჯერ,” – ამბობს ზოიძე.

აკაკი ზოიძის არგუმენეტებს არ იზიარებს “ბიბლუსის” “თბილისი ცენტრალის” ფილიალის მთავარი კონსულტანტი, ნიკა მარულაშვილი. მარულაშვილის თქმით, ზოგჯერ მართლაც ხდება, რომ კონსულტანტებს მუშაობა დადგენილზე მეტხანს უწევთ. მარულაშვილის თქმით, ეს სექტემბერსა და საახალწლო პერიოდში ხდება, როცა მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. თუმცა კონსულტანტი ფიქრობს, რომ ეს დასაქმებულების პრობლემაა:

“ჩვენ ვმუშაობთ შვიდსაათნახევარი დღის განმავლობაში, გვაქვს ნახევარსაათიანი შესვენება. ახალი წლის პერიოდში, მაგალითად, ან სასექტემბროდ ყველას გვიწევს ხოლმე  ერთი-ორი საათით მეტით დარჩენა. ეს იმის მიხედვით, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელია და, შესაბამისად, დღეს რომ ვხურავთ, მერე გადათვლა გიწევს იქ სალაროსი და ა.შ. არის ხოლმე დღეები, როცა გიწევს დარჩე ნახევარი საათით მეტი, ერთი საათით, მაგრამ ეს უკვე შენი საქმეა და შენი პრობლემაა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ  პრობლემა აღმოვფხვრათ მალე,” – ამბობს “თბილისი ცენტრალის” ფილიალის მთავარი კონსულტანტი.

რაც შეეხება მოვალეობებს, მარულაშვილი მიიჩნევს, რომ პროდუქციის დათვლა და თაროებზე ჟანრების მიხედვით განთავსება კონსულტატნტის პირდაპირი მოვალეობაა. საკუთარ მოვალეობად მიაჩნია პროდუქციაზე თვალის დევნებაც, თუმცა აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ამისთვის თავის გართმევა არც ისე მარტივია:

მარტივი შეიძლება ყველაფერი არ არის, თუმცა გარკვეული სახით შესაძლებელია. კი, არის შემთხვევები, როდესაც ვერ ახერხებ, მთლიანად ყველაფერს ადევნო თვალყური. როცა ძალიან ბევრი მომხმარებელია, ყველას ერთად ვერ მოემსახურები, ყველაფერს ვერ გააკონტროლებ. ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია და არა მარტო ჩვენთან, არამედ ნებისმიერ მაღაზიაში ასეა,”-  ამბობს მარულაშვილი.

ბრალდებებს უარყოფს “ბიბლუსის” გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე. მისი თქმით, კომპანია თანამშრომლების მნიშვნელობას სწორად იაზრებს და ცდილობს მათი სამუშაო პირობები მუდმივად გააუმჯობესოს:

“დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რაღაცა არ ხდება. ზედმეტი რომ იმუშაონ, ასეთ კონკრეტულ ვალდებულებას ჩვენ არ ვაძლევთ. ისიც არის, რომ სეზონურად არის პერიოდები, როცა აქტიური სამუშაო პროცესია და იქიდან გმაომდინარე, რომ ეს სამუშაო პროცესები სრულად და კარგად წარიმართოს, თანამშრომლების დიდი ნაწილი ცდილობს, რომ თავისივე ინიციატივით შედარებით დიდი ხნით დარჩეს, იმუშაოს იმისთვის, რომ თავისივე გუნდს, სხვა კოლეგებს დაუდგნენ გვერდში, მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ აისახება იმ ანაზღაურებაზე, რასაც ისინი იღებენ,” – ამბობს გაგნიძე. 

კითხვაზე, როგორ ხდება დამატებითი საათების ანაზღაურება, კონსულტანტების ორივე ნაწილი “ნეტგაზეთს” პასუხობს, რომ დამატებითი შრომის ანაზღაურების ცალკე ფორმა “ბიბლუსში” არ არის. თანამშრომლები თვის დასაწყისში იღებენ ბონუსებს, რომელიც წინა თვის განმავლობაში ნავაჭრის მიხედვით გამოიანგარიშება. სწორედ ბონუსების სისტემის გაუმჭვირვალობას ასახელებს “ბიბლუსის გალერეის” ყოფილი მთავარი კონსულტანტი აკაკი ზოიძე მასსა და მის უფროსს შორის საუბრის თემად, რომელსაც ზოიძისა და მისი კიდევ ერთი კოლეგის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა:

ჩემი და ჩემი თანამშრომლების რეაქცია გამოიწვია იმან, რომ დეკემბრის თვეში ბიბლუსის გალერიამ შეასრულა ძალიან დიდი სამუშაო და ბონუსი დაგვერიცხა სრულიად  არაადეკვატური, დაახლოებით 40 პროცენტით ნაკლები, ვიდრე ველოდით. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვა ჩვენი აღელვება, შეიძლება მოხდა იქ უხეში საუბარიც, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ეს არ იყო საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ მე გავეთავისუფლებინე ბიბლუსს სამსახურიდან,” – ამბობს ყოფილი კონსულტანტი.

ზოიძის პრეტენზიას ისიც იწვევს, რომ გათავისუფლების შესახებ კომპანიამ ერთი დღით ადრე, 4 თებერვალს აცნობა, თუმცა დოკუმენტში გათავისუფლების თარიღად 4 იანვარი მიუთითეს:

“მე გამათავისუფლეს 4 თებერვალს, დამიბარეს 4 თებერვალს ოფისში და გათავისუფლების  აქტში მითითებული იყო 4 იანვარი, ერთი თვით ადრე, ანუ მერე რომ პირნათელი იყვნენ ჩემთან, ვითომ ერთი თვით ადრე გამაგებინეს გათავისუფლების შესახებ. ამასთანავე, ხელფასს არ დამირიცხავენ, ბონუსი არ დამერიცხება, რა თქმა უნდა, იანვრით და კომპანია ამით სარგებლობს,” – ამბობს აკაკი ზოიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ახლა კომპანიისგან გათავისუფლების შესახებ წერილობით ახსნა-განმარტებას ელოდება, რის შემდეგაც გეგმავს სასამართლოს მიმართოს:

მე ვთვლი, რომ ბიბლუსში ჩემს დაბრუნებას, რაც არ უნდა მოხდეს, აზრი არ აქვს, მაგრამ ჩვენ რომ ხმა არ ამოგვეღო, ეს გაგრძელდებოდა წლები. მე მინდა იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში აქ იმუშავებენ, აღარ შეექმნათ ანალოგიური პრობლემა” – ამბობს ზოიძე.


დღეს, 9 თებერვალს, “ბიბლუსის გალერეის” ყოფილმა და ამჟამინდელმა თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც მაღაზიაში არსებულ შრომის პირობებზე საუბრობენ. დასაქმებულების მიერ გავრცელებულ განცხადებას “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ, ბიბლუსი გალერიში დასაქმებულ კონსულტანტებს გვინდა იმ მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე ვისაუბროთ, რაშიც ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს მუშაობა.

1. გვაქვს მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი. კვირაში 6 დღე და დაახლოებით 60 საათი ვმუშაობთ. დღის მანძილზე საშუალოდ 10 საათი გვიწევს მუშაობა, არ გვაქვს ოფიციალური შესვენება და ერთმანეთის შეცვლის ხარჯზე დაახლოებით 15 წუთის მანძილზე ვახერხებთ სამუშაო ადგილის დატოვებას. არ გვაქვს გამოყოფილი დრო და სივრცე კვებისთვის.

2. არანორმირებული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ჩვენი თვიური ანაზღაურება 300 ლარია. იგივე დატვირთვის მიუხედავად, რეზერვში მყოფი კონსულტანტების -250 ლარი.

3. მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს ზეგანაკვეთური შრომა და ღამე მუშაობა, ადმინისტრაცია ამ შრომას არ ანაზღაურებს.

4. კონსულტანტებს გვიწევს ყველა ტიპის სამუშაოს შესრულება. ერთდროულად ვასრულბეთ კონსულტანტის, მოლარის, დამლაგებლის, საწყობის მიმთვლელის და მტვირთავების ფუნქციებს;

5. ადმინისტრაცია გაყიდვების წარმოუდგენლად დიდი გეგმის შესრულებას გვთხოვს ყოველთვიურად, რაც იძულებულს გვხდის არანორმირებულად და მძიმე დატვირთვით ვიმუშაოთ, რადგან გეგმის შესრულებას ებმის ჩვენთვის ბონუსების დარიცხვა. ბონუსი ჩვენთვის გაუმჭვირვალე და გაურკვეველი კოეფიციენტით ანგარიშდება და შესაძლოა იყოს თვეში 27 ლარიდან 250 ლარამდე. ამასთან, თანაბარი და მძიმე შრომის მიუხედავად, ბუნუსებს არ იღებენ რეზერვში მყოფი თანამშრომლები;

6. მაღაზიაში არ არსებობს უსაფრთხოების სისტემა და ამის შედეგებზე პასუხისგებლობა გვეკისრება ჩვენ. ნებისმიერი სახის დანაკლისსა და ზიანზე, რაც ათეულობით ათას ლარს შეიძლება ადგენდეს, ჩვენი პირდაპირი ბრალეულობის არქონის მიუხედავად, გვიწევს მისი ანაზღაურება ჩვენივე შემოსავლიდან. კომპანია პერიოდულად აკეთებს დანაკლისების აღრიცხვას, რომელსაც ანაწილებს ჩვენზე თანაბრად და გვიქვითავს ბონუსიდან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მექანიზმი, ავიცილოთ დანაკლისები ან წინასწარ განვსაზღვროთ, რამდენი შეიძლება დაგვექვითოს ბონუსებიდან, რაც კიდევ ამცირებს ჩვენს ყოველთვიურ ანაზღაურებას.

მძიმე და უსამართლო შრომითი პირობები განსაკუთრებულად აუტანელი გახდა დეკემბრის თვეში, როცა დიდი გაყიდვების გამო კვირების მანძილზე, დასვენების გარეშე, არაადამიანურ პირობებში ვიმუშავეთ. ჩვენი მძიმე შრომის მიუხედავად, კომპანიამ გაცილებით დაბალი ბონუსები დაგვირიცხა, რასაც ჩვენგან სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. საპასუხოდ კომპანიამ ორი კონსულტანტი სამსახურიდან იმავე დღეს გაათავისუფლა და 6 ჩვენგანის მიმართ მიიღო ქსელის სხვა მაღაზიებში გადაყვანის გადაწყვეტილება, რასაც პროტესტის ჩახშობის მიზანი აქვს.

ჩვენ ვითხოვთ:

1. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების დაუყოვნებლივ აღდგენას;

2. მენეჯმენტის მხრიდან ჩვენი პროტესტის შეჩერების მიზნით, როტაციის პროცესის და სამუშაო ადგილიდან გადაყვანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას;

3. ჩვენთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების პირობების გადახედვას და მის შესაბამისობას მოქმედ შრომით კანონმდებლობასთან. მოვითხოვთ რომ ხელშეკრულებების გადახედვის პროცესი გაიმართოს დასაქმებულებისა და ჩვენი წარმომადგენლების მონაწილეობით;

4. შეიცვალოს მძიმე და უსამართლო შრომის პირობები, მათ შორის, მოხდეს სამუშაო დროის ნორმირება და შესრულებული ზეგანაკვეთური და ღამის შრომის ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით;

5. ბონუსების დარიცხვის სისტემა გახდეს გამჭვირვალე და დათვლის კოეფიციენტი იყოს ადეკვატური და სათანადო. ასევე ვითხოვთ, ბონუსების სისტემა გავრცელდეს რეზერვში მყოფ თანამშრომლებზე;

6. გაუქმდეს დანაკლისების შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვის უსამართლო და თვითნებური სისტემა, ამ მექანიზმის გამოყენება ჩვენს მიმართ მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანაკლისი ჩვენს მიერ სამუშაოს არასათანადო შესრულებას და უშუალო ბრალს უკავშირდება.”

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.