ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ დეკანოზის საქმეში ბრალდების მოწმეა

ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე  დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში ბრალდების მოწმეა. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა.

თუმცა მამალაძე არ ადასტურებს “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან დეკანოზი გიორგი მამალაძე ფარულად  ჩაწერა.  ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, რომელიც  დეკანოზის ნათესავმა, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ჩაწერა.

ირაკლი მამლაძის ამბობს, რომ ეს არის სრული აბსურდი.

“არაფერი, არავინ ჩამიწერია მე. მე ვარ ერთ-ერთი მოწმე ამ საქმეში. რას ნიშნავს ჩავწერე? როგორ უნდა ჩამეწერა და რა უნდა გამეკეთებინა? მე გაუხმაურებლობაზე მაქვს ხელი მოწერილი და ბევრ კომენტარს ვერ გააკეთებ. რუსთავი 2-ის ჟუნალისტი, ნოდარ მელაძე რამდენიმე დღე “ვოთსაფის” მეშვეობით მიკავშირდებოდა. მე მას ვუთხარი, რომ მოწმე ვარ და დღეს გამოვიდნენ და პირდაპირ თქვეს. თუ მათ ღიად დაკავშირება სურდათ, მაშინ ჩამწერდნენ. ეს არის წყაროს გათქმა, ეს არის ჟურნალსიტური საქმიანობის უხეში დარღვევა. როცა, მე ამ წუთებშიც მიცავს სახელმწიფო დაცვა, როცა ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, გამომაცხადეს პირდაპირ ეთერში და ხვალ თუ რამე მომივა, ეს იქნება “რუსთავი 2″-ის დამსახურება და დანაშაული.”

ირაკლი მამალაძის თქმით, საქმე რომ ძალიან მყარი არ ყოფილიყო, ის მონაწილეობას არ მიიღებდა:

“საქმე არის ძალიან მყარი და ძალიან ბევრ ადამიანს შერცხვება საკუთარი კომენტარების, რომელსაც ამ ხნის მანძილზე წერდნენ ისე, რომ გამოძიების დასრულებას არ დაელოდნენ. არ დაელოდნენ იმას, რომ დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ. მძიმე საქმის მთავარი მოწმის სახელი და გვარი ღიად გამოაცხადეს. ეს არის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა.
საქმე არის ძალიან გამართული, მე ისე მონაწილეობას არ მივიღებდი. მე არ ვამბობ, რომ ფარული ჩანაწერი არ არსებობს. ვერ გეტყვით ვერაფერს გამოძიებასთან დაკავშირებით. როცა საქმე დაშიფრულია, საიდან იცოდნენ, რომ ირაკლი მამალაძემ ჩაწერა? სად ფიქსირდება ირაკლი მამალაძე საქმეში, მაშინ თქვას ადვოკატმა”.

რუსთავი 2-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვა წერილი, რომელიც სავარაუდოდ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ილია მეორეს გაუგზავნა. ტელეკომპანიის ცნობით, წერილის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, “თუმცა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად დაკავებულმა  გიორგი მამალაძემ შესაძლოა პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა”.

ქორეპისკოპოსი იაკობი რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ წერილს,  ზღაპრებს უწოდებს.

ქორეპისკოპოსი არის კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილე სასულიერო პირი, რომელიც განაგებს საეკლესიო ცხოვრების გარკვეულ სფეროს. ქორეპისკოპოსს ნიშნავს და მათ რაოდენობას განსაზღვრავს კათოლიკოს-პატრიარქი.

ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივანის სახით); ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.


პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, “გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა”.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

“გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – იუწყება პროკურატურა.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რუსთავის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამალაძის თქმით, მის მიმართ წარდგენილ ბრალში სასულიერო პირზე საერთოდ არაა საუბარი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.