მიტროპოლიტი პეტრე. 22.12.2016. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მიტროპოლიტი პეტრე: შეიძლება, დეკანოზის წერილში პრობლემების 50 %-ზე ნაკლები იყოს წარმოჩენილი

მეუფე პეტრეს განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში ეკონომიკური კუთხით, შეიძლება საპატრიარქოში არსებული პრობლემების 50 პროცენტზე ნაკლები იყოს წარმოჩენილი. ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანში” საუბრისას განაცხადა.

მეუფის განცხადებით, მისთვის  ცნობილი იყო, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი მამალაძე დაინიშნა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურში, ის იყო ძალიან დაბრკოლებული იქ არსებული მძიმე, საგანგაშო მდგომარეობით, ეკლესიაში არსებული თაღლითური სქემების, თუ კორუფციული გარიგებების და ვერაგული დამოკიდებულების საპატრიარქოს ქონების მიმართ.

“ჩემთვის ცნობილი იყო ის, რომ მამა გიორგი აპირებდა მოხსენებით წარდგომას აპირებდა სინოდის სხდომაზე, რათა პატრიარქის და სინოდის წევრების წინაშე გაეჟღერებინა ეს ფაქტი. ეს იყო ერთი წლის წინ, მოვიკითხე რატომ არ დაესწრო მამა გიორგი სინოდის სხდომას და მიპასუხეს, რომ მისმა უწმინდესობამ თავი შეიკავა ის გამოსულიყო სხდომაზე და ამ ფაქტებზე ესაუბრა. ეკონომიკური კუთხით, შეიძლება არსებული პრობლემების 50 პროცენტზე ნაკლები იყოს წარმოჩენილი ამ წერილში.  ეკლესიაში რეფორმების საკითხი არაერთხელ დაისვა, არერთი მონდომება იყო, მაგრამ ყველაზე დიდ გავლენიან პერსონას, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ყოველთვის აღმმნოაჩნდა ძალა და რესურსი ამის მოგერიების.”

მისივე თქმით,  შორენა თეთრუაშვილს  გავლენა აქვს მის მიერ შექმნილ ჯგუფზე და გარემოცვაზე.

“რამდენიმე სასულიერო პირს ოქროს თევზს ეძახის, ანუ მისი დავალებების კარგად შემსრულებელს. პირველ რიგში, ქორეპისკოპოსი თეოდორე, რომელიც ფინანსურ საკითხებში ყველაზე მეტად არის ჩართული; პროტოპრესვიტერი გიორგი. ქორეპისკოპოსი იაკობი არის ძალიან პატრიოტი ადამიანი და ვფიქრობ, შეცდომაშია შესული და პიროვნული დაპირისპირებით ჩართულია ამ ქალბატონის ინტრიგებში. ჩემი აზრით, უნებლიედ ამ დაპირისპირების მონაწილეა. ”

მიტროპოლიტმა პეტრემ შორენა თეთრუაშვილმა ასევე დაადანაშაულა რუსეთთან კავშირში და განაცხადა რომ მის უკან რუსეთი დგას.

“გარე და სახიფათო ძალა, დამპყრობელი ძალა [რუსეთიი] მას მხოლოდ მფარველობს. რა დოზითაც მას სჭირდება, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ყველაზე დიდი დასაყრდენი საქართველოში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტმა პეტრემ თეთრუაშვილის რუსეთთან კავშირის ერთი მაგალითი მოიყვანა. მისი თქმით, ერთი წლის წინ  აშშ-დან კათოლიკე ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელმთავარს სურდა, რომ მას და მის მრევლს რომელთა რაოდენობა 2 ათასი იყო სურდა საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ შესვლა.

ამ მიზნით იგი საქართველოშიც ჩამოვიდა სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე, რაზე თანხმობა პატრიარქმა და მინიმუმ 10-მა ეპისკოპოსმა განაცხადეს და წინასწარ ულოცავდნენ მას ეკლესიის წევრად გახდომას, თუმცა სინოდმა ამ გადაწვეტილებას მხარი არ დაუჭირა, სწორედ შორენა თეთრუაშვილის მოქმედების შედეგად.

“ამ ქალბატონის მონდომებით ჩაიშალა ეს წამოჭრილი საკითხი უარი ითქვა, ხმათა უმრავლესობით ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის და ორი თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მღვდელმთავარი მთელი სამწყსო თავისი, მრავალათასიანი შეუერთდა რუსეთის საპატრიარქოს იურისდიქციას. როდესაც გავიგე, რომ ორი თვის შემდეგ ეს ეპარქია შეუერთდა რუსეთის ეკლესიის იურისდიქციას, რა თქმა უნდა, დადასტურდა ჩემი ეჭვი. რომ ეს ხელოვნურად მოსკოვის დაკვეთით მოხდა ჩაშლა ამ პროცესისა, ანუ სინოდზე პატრიარქისა და მღვდელმთავართა მიერ მიუხედავად შეპირებისა, ჩაშლა ამ სასიკეთო საქმისა”, – ამბობს მიტროპოლიტი.

მიტროპოლიტმა პეტრემ ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ შორენა თეთრუაშვილს ჰყავს პროტეჟეები ხელისუფლების ინსტიტუციებში და მისი გავლენა ქართულ პოლიტიკაში ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან ჩნდება.

რუსთავი 2-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვა წერილი, რომელიც სავარაუდოდ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ილია მეორეს გაუგზავნა. ტელეკომპანიის ცნობით, წერილის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, “თუმცა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად დაკავებულმა  გიორგი მამალაძემ შესაძლოა პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა”.

ქორეპისკოპოსი იაკობი რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ წერილს,  ზღაპრებს უწოდებს.

ქორეპისკოპოსი არის კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილე სასულიერო პირი, რომელიც განაგებს საეკლესიო ცხოვრების გარკვეულ სფეროს. ქორეპისკოპოსს ნიშნავს და მათ რაოდენობას განსაზღვრავს კათოლიკოს-პატრიარქი.

ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივანის სახით); ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.

_____________________________________________________________________________________

პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, “გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა”.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

“გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – იუწყება პროკურატურა.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რუსთავის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამალაძის თქმით, მის მიმართ წარდგენილ ბრალში სასულიერო პირზე საერთოდ არაა საუბარი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.