ახალი ამბები

საპატრიარქო: დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება ჩვენთვის სრულიად მოულოდნელია

14 თებერვალი, 2017 • 2494
საპატრიარქო:  დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება ჩვენთვის სრულიად მოულოდნელია

საპატრირქო დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც დეკანოზის დაკავება ამ ინსტიტუციის წარმომადგენლებისთვის მოულოდნელია:

“რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს, ეს არის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი. ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს”,- ნათქვამია განცხადების ტექსტში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალად “მაღალი სასულიერო იერარქის მკვლელობის მცდელობა ედება” პროკურატურის ცნობით, მამალაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

საპატრიარქო ასევე ეხმაურება მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ილია მეორეს მიერ გადატანილ ქირურგიულ ოპერაციას. მათი ცნობით, პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

“მისი უწმინდესობის სახელით, მადლობას ვუხდით ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკას და ქირურგს, პროფესორ მარტინ შტრიკს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას და ყველა გულშემატკივარს გულმხურვალე ლოცვის, გამოჩენილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის. სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

ილია მეორეს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია  13 თებერვალს  ჩაუტარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი