ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან ვეტოზე სამსჯელოდ არ მივიდა

3 თებერვალი, 2017 • 3316
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან ვეტოზე სამსჯელოდ არ მივიდა

დღეს, 3 თებერვალს, პრეზიდენტის სასახლეში მართლმსაჯულების მესამე ტალღაზე პრეზიდენტის ვეტოს თაობაზე საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობენ. შეხვედრას, მიწვევის მიუხედავად, არ ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ  ვეტოს დადების წინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მიმართა პარლამენტის ხელმძღვანელობას, რომ წინასწარი კონსულტაციები გაევლოთ. ჩიხრაძის თქმით, წინასწარი კონსულტაციები არ შედგა, რის შემდეგაც პრეზიდენტის ვეტო და მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში გაგზავნეს.

შეხვედრაზე უკვე მივიდნენ საპარლამენტო ფრაქციების: “ევროპული საქართველოს”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “საქართველოს პატრიოტების” წარმომადგენლები.

ჩიხრაძე ამბობს, რომ კონსულტაციებს გამართავენ “მათთან, ვინც მოვა”:

“ვფიქრობ, ამაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოში ცოტა საკითხი თუ შეიძლება არსებობდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს ვეტო კი არ განივიხილოთ ბრძოლის იარაღად და კი არ გავიქცეთ და დავიმალოთ კონსულტაციებისგან და დიალოგებისგან, აბსოლუტურად ნორმალურია დემოკრატიულ ვითარებაში, რომ ხელისუფლების სხვადასვხა შტოს წარმომადგენლები სხვადასხვა ვითარებაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ესაუბრებოდნენ სახელწიფოებრივ საკითხებზე. ეს სწორედ ამ დონის საკითხი გახლავთ და იმდენად გაუგებარი იყო ის კომენტარები, რაც ჩვენ მოვისმინეთ უმრავლესობის წარმომადგენლთა მხრიდან, რომ უბრალოდ, კრიტიკას ვერ უძლებს ვერანაირად,”- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზიდენტმა მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმას ვეტო 24 იანვარს დაადო.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად:

[checklist]

  • რაიონული(საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ.
  • უნდა გაუქმდეს მოსამართლის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა და სააპელაციო და რაიონული სასამართლოს მოსამართლეები  პირდაპირ უვადოდ უნდა დანიშნოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.
  • პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს წევრთა – მოსამართლეთა რაოდენობაა არანაკლებ 16-ისა. პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ მინიმალურის გარდა უნდა განისაზღვროს მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობაც.
  • საქართველოს საერთო სასამართლოებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეთა კონფერენციის არჩეული რვა წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი.

[/checklist]

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების სრული ტექსტი იხილეთ ამ ბმულზე.

ფრაქციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის მოტივირებულ შებიშვნებს ეთანხმებიან.

“საქართველოს პატრიოტების” წარმომადგენელი ამბობს, რომ მათი სულისკვეთება უფრო ახლოსაა პრეზიდენტის შენიშვნებთან, ვიდრე უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ პროექტთან.

“თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი კონცეფცია თუნდაც მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით და სწორედ ამ მოდელს გავუზიარებთ დღეს პრეზიდენტს. ეს არის სამსაფეხურიანი ეტაპი, როდესაც მოსამართლეს ირჩევენ მოსამართლეები, შემდეგ პარლამენტში ხდება განხილვა და ამტკიცებს პარლამენტი კანდიდატურას, შემდეგ მიდის პრეზიდენტთან,”-განაცხადა ირმა ინაშილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ევროპული საქართველოს” წარმოამდგენემა, გიორგი ტუღუშმა კი აღნიშნა, რომ მათ ეს შენიშვნები კანონპროექტის განხილვების ეტაპზე ჰქონდათ:

“ის პრინციპული საკითხები, რომელიც უკავშირედება მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესებას, სასამართლოს თავმჯდომარეების ამ წესით დანიშვნას და კიდევ სხვა რამდენიმე ასპექტს, არის სწორედ ის პრობლემები, რომლებიც თავის დროზე ჩვენ დავინახეთ და ამაზე მივუთითეთ უმრავლესობას,”- განაცხადა ტუღუშმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი