ახალი ამბები

პრეზიდენტმა ვეტო დაადო სასამართლოს რეფორმის მესამე ტალღის ცვლილებათა პაკეტს

24 იანვარი, 2017 • 11944
პრეზიდენტმა ვეტო დაადო სასამართლოს რეფორმის მესამე ტალღის ცვლილებათა პაკეტს

24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ვეტო დაადო “საერთო სასამართლოების შესახებ” მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც პარლამენტმა 2016 წლის 29 დეკემბერს დაამტკიცა.

“მინდა მოგახსენოთ, რომ პარლამენტიდან ხელმოსაწერად შემოვიდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი. სასამართლო რეფორმის რეფორმირება და გაძლიერება და გაჯანსაღება ყოველთვის იყო ჩემი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. წარმოდგენილ პაკეტში არის ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის ისეთი ცვლილებები, რომლის თაობაზეც და დანერგვაზეც ჩვენი ადმინისტრაციიდან გაცემულია მრავალი ასობით ათასი ლარი, რათა სისტემა დანერგილიყო.

თუმცა, ამავე დროს, პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს. აქედან გამომდინარე, გამომდინარე ამ პაკეტისა და სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობიდან, გადავწყვიტე, გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება  და ვთავაზობ პარლამენტს შენიშვნებს, რომელთაგან უმნიშნველოვანესია ის ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესს და აგრეთვე გააუქმებს მომავალში საგამოცდო ვადას. ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ამ კანონებთან მიმართებაში ვენეციის კომისიის უკვე გაკეთებულ რეკომენდაციებთან. მიმაჩნია, რომ ამ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის კანონმმდებლობას და უფრო მაღალი ხარისხის სასამართლოს”. – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 24 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე

საქართველოს პარლამენტმა 29 დეკემბერს მესამე და საბოლოო მოსმენით, 87 ხმით დაამტკიცა “საერთო სასამართლოების შესახებ” მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.  ეს პაკეტი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღის სახელითაა ცნობილი.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მიერ დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს 15 დღის ვადაში (პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ჩამოყალიბებული უნდა იყოს კანონპროექტის სახით). თუ პარლამენტი მთლიანად მიიღებს შენიშვნებს, კანონპროექტი 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და კანონს აქვეყნებს 7 დღეში.

თუ პარლამენტი მთლიანად არ მიიღებს შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ორგანული კანონის ან კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა.

თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და 5 დღეში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი