ახალი ამბები

“ოცნების” მიზანია, ლეგიტიმაციის კრიზისში მყოფ ცესკოს ფორმალური კანონიერება შესძინოს – სიორიძე საარჩევნო კოდექსზე

19 მარტი, 2024 • 721
“ოცნების” მიზანია, ლეგიტიმაციის კრიზისში მყოფ ცესკოს ფორმალური კანონიერება შესძინოს – სიორიძე საარჩევნო კოდექსზე

“ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრი და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე ეხმაურება საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და საკანონმდებლო ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა, სიორიძემ განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” სურს “ლეგიტიმაციის კრიზისში მყოფ ცესკოს ფორმალური კანონიერება შესძინოს”.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ცვლილებები ითვალისწინებს გიორგი სიორიძის, როგორც ოპოზიციის კვოტით არჩეული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას.

“ქართული ოცნება” ერთპარტიულად დაძლევს ვეტოს, ერთპარტიულად იღებს საარჩევნო რეფორმას და ერთპარტიულად დააკომპლექტებს საარჩევნო ადმინისტრაციას. მათი მიზანია, ლეგიტიმაციის კრიზისში მყოფ ცესკოს ფორმალური კანონიერება შესძინოს და მისი მორჩილი, მარიონეტული ცესკოთი ჩაატაროს 2024 წლის ისტორიული არჩევნები.

საარჩევნო რეფორმას საქართველოში ყოველთვის ფართო ჩართულობით იღებდნენ ხოლმე. იმიტომ, რომ არჩევნები ყველასია, ვინც მასში მონაწილეობას იღებს, საარჩევნო კანონმდებლობა კი, თამაშის წესებია, რომელზეც მხარეები შეთანხმებულნი უნდა იყვნენ. მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, რომ როგორც ერთ-ერთმა მოთამაშემ, თავად დაადგინოს წესები და თანაც, არბიტრიც თვითონ იყოს”, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

დღეს, 19 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი 21-მა დეპუტატმა დაუჭირა, 61-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. ამის შემდეგ კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.


პარლამენტმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 20 თებერვალს მიიღო და ცვლილებს ვეტო პრეზიდენტმა იმ დღესვე დაადო.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ცვლილებებს, ის ითვალისწინებს ოპოზიციის კვოტით არჩეული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდა – ერთი არჩეული იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან, მეორე კი, ცესკოს პროფესიული წევრებიდან.

ამას გარდა, კიდევ ერთხელ შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი. ახალი წესით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა იქნება საჭირო, ნაცვლად დღეს მოქმედი კანონისა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით 76 ხმით ირჩევენ. ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა ვერ მოგროვდება, მაშინ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი 76 ხმა იქნება და კანდიდატებისთვის ორჯერ იქნება შესაძლებელი, 76 ხმით მხარდაჭერის მიღება სცადონ.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები ვერც 76 ხმას მიიღებენ, მაშინ საკითხი შემდგომი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, პრეზიდენტს გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის სია და ის ერთპიროვნულად გადაწყვეტს, წარმოდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ თუ ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძალაში დარჩა „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი