ახალი ამბები

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

19 მარტი, 2024 • 584
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია.

კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 19 მარტს, გაიმართა. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი 21-მა დეპუტატმა დაუჭირა, 61-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. ამის შემდეგ კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა, არცერთ დასკვნას არ გაითვალისწინებენ, რომელიც „სუვერენიტეტის წინააღმდეგ“ იქნება მიმართული.

„პირდაპირ ვამბობთ, ვენეციის კომისიის და არცერთი კომისიის არცერთ დასკვნას არ გავითვალისწინბეთ, რაც საქართველოს, მისი დემოკრატიული არჩევნებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 20 თებერვალს მიიღო და ცვლილებს ვეტო პრეზიდენტმა იმ დღესვე დაადო.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან.

ადმინისტრაციის განცხადებით, ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ცვლილებები ქმნის რისკს, რომ არჩევნებს ჩაატარებს ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს პროცესის მიმართ უნდობლობას, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ცვლილებებს, ის ითვალისწინებს ოპოზიციის კვოტით არჩეული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდა – ერთი არჩეული იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან, მეორე კი, ცესკოს პროფესიული წევრებიდან.

ამას გარდა, კიდევ ერთხელ შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი. ახალი წესით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა იქნება საჭირო, ნაცვლად დღეს მოქმედი კანონისა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით 76 ხმით ირჩევენ. ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა ვერ მოგროვდება, მაშინ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი 76 ხმა იქნება და კანდიდატებისთვის ორჯერ იქნება შესაძლებელი, 76 ხმით მხარდაჭერის მიღება სცადონ.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები ვერც 76 ხმას მიიღებენ, მაშინ საკითხი შემდგომი ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, პრეზიდენტს გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის სია და ის ერთპიროვნულად გადაწყვეტს, წარმოდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ თუ ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძალაში დარჩა „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები ისე მიიღო, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. კომისია რეკომენდაციას უწევდა ცვლილებების პროექტის ისე შეცვლას, რომ უზრუნველყოფილიყო კონსენსუსი ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის დანიშვნა/არჩევაზე; ეს შეიძლება ყოფილიყო თავდაპირველად საპარლამენტო უმრავლესობის 2/3-ის მოთხოვნა და, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც კვალიფიციურ უმრავლესობას ანიჭებდა უპირატესობას, ვიდრე მარტივ (ან აბსოლუტურ) უმრავლესობას.

ამასთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, კანონპროექტიდან ამოღებულიყო დებულება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიიდან არჩეული ცესკოს წევრებიდან თავმჯდომარის მოადგილე არ შეირჩევა.

პარტიების გამოხმაურებები

გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ განცხადებით, პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით ცესკო სრულად დაექვემდებარა „ოცნების“ პარტიულ ვერტიკალს.

„ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების ჩატარებაზე, ხმების დათვლაზე, არჩევნების შედეგების შეჯამებაზე, საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმებაზე, აღნიშნული კომისიების ხელმძღვანელობაზე და კონტროლზე, დამკვირვებლებისთვის სტატუსის მინიჭებაზე და 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ადმინისტრირებაზე, სრულად გადავიდა „ოცნების“ მორჩილებაში.

არჩევნების გაყალბების მთავარ ინსტრუმენტებთან – სისტემურ მუქარა-ზეწოლასთან და პოლიტიკურ კორუფციასთან ქმედითი ბრძოლის ნაცვლად, მანამდე „ოცნებამ“ უარი თქვა ყველა რეფორმაზე, რამაც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ცესკოს დამორჩილება არჩევნების გაყალბებისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია“, – აცხადებენ პარტიაში.

პარტია „საქართველოსთვის“ მოქალაქეებს 2024 წლის არჩევნებში მაქსიმალური მონაწილეობისკენ მოუწოდებს. პარტიის განცხადებით, ეს არის მოქალაქეების ხელში არსებული ქმედითი ბერკეტი, რომ ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბება დაძლიონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი