ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის სკანდალური წერილი

26 ოქტომბერი, 2012 • 1964
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის სკანდალური წერილი

ჯემალ ფუტკარაძემ წერილი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებამდე ერთი თვით ადრე – 2012 წლის 31 მაისს დაწერა. წერილი, პროფესორ ჯემალ ფუტკარაძის ხელმოწერით, გამოქვეყნებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე. ის ამ წერილით ამხელს თავის ყოფილ პარტნიორებს, სს „პოლიგრაფისტის“ მფლობელებს – ვახტანგ მელიასა და ხუსეინ ქამადაძეს. აი, რას წერს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრუებლო ბიუროს უფროსს მირიან ხარაბაძეს ჯემალ ფუტკარაძე: „გიდასტურებთ რა ჩემს ღრმა პატივისცემას პირადად თქვენდამი, თავს უფლებას ვაძლევ მოკრძალებით, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ… დავალდებულდეს სს „პოლიგრაფისტი“ შეასრულოს აქციონერთა საერთო კრების 2009 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება – გაიყოს საწარმო ნატურით… დაეკისროს „პოლიგრაფისტს“ კრედიტორებისთვის თანხის გადახდა“.

 

 

ჯემალ ფუტკარაძე
ჯემალ ფუტკარაძე

წერილის დასასრულს პროფესორი ჯემალ ფუტკარაძე, ახლა უკვე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი წერს: „უკვე ისეთ დიდ გულზე არიან „პოლიგრაფისტი“ და მისი დირექტორი, რომ აღმასრულებელი ბიუროს დისკრედიტაციას იწყებს და ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ. უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება სს „პოლიგრაფისტის“ მხრიდან მათი საქციელი“.

 

 

ვახტანგ მელია – „პოლიგრაფისტის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ წერილის შინაარსი არჩევნებამდე გააცნო კოალიციის შტაბს ბათუმში: „როგორც კი გავიგე, რომ ჯემალ ფუტკარაძე „ქართული ოცნების“ სიაში უნდა ყოფილიყო, მივედი კოალიციის შტაბში ავთო ბერიძესთან. მან მითხრა, რომ მსგავს საკითხებს წყვეტს მურმან დუმბაძე. მურმან დუმბაძემ კი მითხრა, რომ მასთან ტყუილად მივედი, რადგან ჯემალ ფუტკარაძე ალასანიას სიის წევრია. მივხვდი, რომ ეს საკითხი არ იყო მათთვის პრიორიტეტული, ამიტომ წამოვედი. არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ, შესაბამისად, კოალიციის შიდა პრობლემების მოგვარება ჩემს მიზნად არ გამიხდია“.

 

 

ჯემალ ფუტკარაძე და ავთანდილ ბერიძე – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. მურმან დუმბაძე ამბობს, რომ იცნობს ამ წერილის შინაარსს: „ეს წერილი დაწერილია დიპლომატიურ-პოლიტიკურ ენაზე და საქმის მოსაგებად ხშირად მიმართავენ ადვოკატები ასეთ ხერხს. ჯემალ ფუტკარაძე აწერს ხელს,  მაგრამ ეს წერილი დაწერილია ადვოკატის მიერ. მე ველაპარაკე ჯემალ ფუტკარაძეს, მაგრამ როცა არ არის მართლმსაჯულება სამართლიანი, სამწუხაროდ, ადვოკატებს უწევთ მიმართონ ამ ხერხს,“ – ამბობს დუმბაძე. 

 

 

შეკითხვაზე, ის გარემოება, რომ ამ წერილის შინაარსი და ის, რომ წერილს პროფესორი ჯემალ ფუტკარაძე აწერს ხელს და არა ადვოკატი,  იმის მანიშნებელია თუ არა, რა დამოკიდებულება აქვს  მოვლენების მიმართ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, დუმბაძე პასუხობს: „ამ წერილით ზიანს იგი არავის აყენებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ გამოყენებულია დიპლომატიური ენა.” 

 

 

ჯემალ ფუტკარაძე არის არის ფარმაცევტული კომპანია „JT-Pharma“-ს დამფუძნებელი, როგორც მის ბლოგზეა აღნიშნული, იგი 2009 წლიდან მუშაობს თბილისის ევროპულ სასწავლო უნივერსიტეტში. უკავია სრული პროფესორის თანამდებობა, არის ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი. მისსავე ბლოგზე ვკითხულობთ, რომ „დაარსების პირველივე დღიდან არის კოალიცია „ქართული ოცნების “ მხარდამჭერი.“

 

 

ჯემალ ფუტკარაძე საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინაც მოექცა მედიის ყურადღების ქვეშ. საარჩევნო კამპანიის დროს ჯემალ ფუტკარაძეს, მის დას, პროფესორ შუშანა ფუტკარაძესა და ფსევდო „ინფო 9″-ს რეპორტიორს შორის ინციდენტი მოხდა. კერძოდ, ჯემალ ფუტკარაძე და მისი მხარდამჭერები რეპორტიორს საჯარო ადგილზე გადაღებას უკრძალავდნენ, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი