ახალი ამბები

აქცია ბორჯომში სერაფიმე ჯოჯუას ბორჯომის ეპარქიაში დაბრუნების მოთხოვნით

21 იანვარი, 2017 • 12488
აქცია ბორჯომში სერაფიმე ჯოჯუას ბორჯომის ეპარქიაში დაბრუნების მოთხოვნით

ბორჯომში მიმდინარეობს მართლმადიდებელი მრევლის ნაწილის აქცია ბორჯომ-ბაკურიანის ყოფილი ეპისკოპოსის, სერაფიმე ჯოჯუას ეპარქიაში დაბრუნების მოთხოვნით.

ბორჯომის ცენტრში 21 იანვარს 200-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი სერაფიმე ჯოჯუას მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეების თქმით, მეუფე სერაფიმეს ეპარქიიდან წასვლა უკავშირდებოდა “კონკრეტული პირების მიერ მასზე ჭორებისა და დეზინფორმაციების გავრცელებას”. ისინი აცხადებენ, რომ კონკრეტული პირებისა და, შესაძლოა, ხელისუფლების ინტერესებშიც შედიოდა ის, რომ მეუფე სერაფიმე ეპარქიაში არ ყოფილიყო.

აქციის მონაწილეები “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავენ, რომ ამ პროცესში [“დეზინფორმაციის გავრცელებაში”] რამდენიმე ადგილობრივი სასულიერო პირიც არის ჩართული.  ჩვენი რესპონდენტები თავს არიდებენ იმაზე საუბარს, თუ კონკრეტულად რა სახის დეზინფორმაციაზეა საუბარი და ამბობენ, რომ “არანაირი მსგავსი ინფორმაციის” მათ არ სჯერათ და მოითხოვენ, რომ ადამიანებმა, ვინც “მეუფე სერაფიმეს დეზინფორმაციას უვრცელებს”, ბოდიში მოიხადონ.

სერაფიმე ჯოჯუა ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსი 2016 წლის აპრილიდან აღარ არის. საპატრიარქომ მიტროპოლიტის ეპარქიიდან წასვლის მიზეზად მისი პირადი თხოვნა დაასახელა, თუმცა არ აკონკრეტებს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება სასულიერო პირმა.

2017 წლის 17 იანვარს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერაფიმე ჯოჯუა ინიშნებოდა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად, რამაც იქ მომუშავე სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტი გამოიწვია. მათ არ სურდათ, რომ “უმძიმესი ბრალდბების” გამო სერაფიმე გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრებულიყო.

აქცია ბორჯომში სერაფიმე ჯოჯუას მხარდასაჭერად. 21.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

აქცია ბორჯომში სერაფიმე ჯოჯუას მხარდასაჭერად. 21.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

დღეს, 21 იანვარს, ბორჯომში გამართულ აქციამდე გავრცელდა წერილი, რომლის მიხედვითაც ბორჯომ-ბაკურიანის ყოფილი ეპისკოპოსი სერაფიმე ჯოჯუა, რომელიც გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად უნდა დანიშნულიყო, აცხადებს, რომ აღარ სურს გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრება და მიმდინარე მოვლენებს ეთიშება.

“დღეს ჩემი მხარდაჭერა არის ყოველგვარი მიტინგებისა და გამოსვლებისგან თავის შეკავება, ხოლო ვინც საპირისპიროს მოქმედებს და გააკეთებს, ზიანს მოუტანს ყველას”, – წერია წერილში. “ნეტგაზეთი” შეეცადა, წერილის ავთენტურობა საპატრიარქოში გადაემოწმებინა, თუმცა საპატრიარქოდან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

აქცია ბორჯომში სერაფიმე ჯოჯუას მხარდასაჭერად. 21.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

აქცია ბორჯომში სერაფიმე ჯოჯუას მხარდასაჭერად. 21.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი