ახალი ამბები

3 სასულიერო პირი აპროტესტებს გერმანიის ეპარქიაში მიტროპოლიტ სერაფიმეს შესაძლო დანიშვნას

17 იანვარი, 2017 • 7226
3 სასულიერო პირი აპროტესტებს გერმანიის ეპარქიაში მიტროპოლიტ სერაფიმეს შესაძლო დანიშვნას

გერმანიაში მოღვაწე 3 მართლმადიდებელი მღვდელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა), რომელიც მანამდე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას ხელმძღვანელობდა და შემდეგ ათონის მთაზე გაემგზავრა.

“გუშინ საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა), რომელსაც რამდენიმე თვის წინ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასწრაფოდ დატოვება მოუწია მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო.

ვაცხადებთ, რომ არსებული ბრალდებების გამო მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის. ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში იწვევს აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას. იგი ჩვენს სამრევლოებში ხელს არ შეუწყობს სიმშვიდესა და ერთიანობას.

რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მიგვაჩნია მრევლისთვის მრავალმხრივ საზიანოდ, გამოვთქვამთ პროტესტს და ვაცხადებთ, რომ არ დავექვემდებარებით მიტროპოლიტ სერაფიმეს, ვრჩებით საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და მივმართავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი რეაგირებისათვის.


დეკანოზი თამაზ ლომიძე 
ქ. მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, ნიურნბერგის და ინსბრუკის სამრევლოების წინამძღვარი.

არქიმანდრიტი ისე (გელაშვილი)  ქ. დუსელდორფის, ბონის, კარლსრუეს, ბილეფელდის და ოსნაბრუკის სამრევლოების წინამძღვარი.

არქიმანდრიტი იოანე (სილაგაძე) ქ. ბერლინის, ჰანოვერის, ჰამბურგის და ზაარბრიუკენის სამრევლოების წინამძღვარი”, – ნათქვამია ამ მღვდლების მიერ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთი ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოველს, რომელმაც გვითხრა, რომ იგი არ ფლობს ინფორმაციას, დაინიშნა თუ არა მიტროპოლიტი სერაფიმე გერმანიისა და ავტრიის ეპარქიის მმართველად.

“ეს სინოდის გადასაწყვეტი საქმეა და მე ამ საქმეებთან შემხებლობაში არ ვარ და ვერ გიპასუხებთ. მე მეხება მცხეთა-თბილისის სამღვდელოებასთან დაკავშირებული საკითხები. თუ ადასტურებენ [გერმანიაში მყოფი მღვლდები], მათ ჰკითხეთ [საიდან აქვთ ცნობა], მე არ მაქვს ეს ინფორმაცია”, – გვითხრა მიქაელ ბოტკოველმა.

ნეტგაზეთმა დეკანოზ თამაზ ლომიძეს ჰკითხა ინფორმაციის წყაროს შესახებ, რადგან სინოდის ბოლო განჩინებაში მიტროპოლიტი სერაფიმეს ეპარქიის მმართველად დანიშვნის თაობაზე არაფერია ნათქვამი:

“[სინოდის] განჩინებაში არ წერია და ვინ გადაწყვიტა, საპატრიარქოში იკითხეთ. ჩვენ ყოფილმა აქაურმა ეპისკოპოსმა ლაზარე სამადბეგიშვილმა შეგვატყობინა, საპატრიარქომ ასე გადაწყვიტაო”, – მოგვწერა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ.


 

2016 წლის აპრილში საპატრიარქომ საზოგადოებას აცნობა, რომ “ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან”, ხოლო ეპარქიის ხელმძღვანელობა დროებით დაევალა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე). საპატრიარქო მიტროპოლიტის ეპარქიიდან წასვლის მიზეზად მის პირად თხოვნას ასახელებდა, თუმცა არ აკონკრეტებდა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება სასულიერო პირმა.

ამ საკითხზე კომენტარი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააკეთა, რომელსაც ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს:

“ძალიან რთულია, რაიმე გითხრათ და რაიმეთი განუგეშოთ, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ: ყველაფერი ღვთის ნებაა. ღვთის ნების გარეშე ამ ქვეყნად არაფერი ხდება. თუკი მეუფე სერაფიმემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და მან უწმინდესს სთხოვა, რომ ეპრაქიიდან განთავისუფლებული ყოფილიყო, ეს ღვთის ნების გარეშე არ მომხდარა. ღმერთმა დაუშვა ეს. რა იყო ამაში, ვისი ბრალი იყო, რისი ბრალი იყო, რა ხდებოდა, ეს ჩვენ არ ვიცით. ეს ღმერთმა იცის. ფაქტი ისაა, რომ თითოეული ჩვენგანის ბრალი იყო ეს. პირადად ჩემი ბრალი, სამღვდელოების ბრალი, სინოდის ბრალი და თითოეული თქვენგანის ბრალი. ალბათ, რაღაც ვერ მივაქციეთ ყურადღება და ვერ გამოვიჩინეთ ის გულისმხიერება იმ დროს, როცა ეს უნდა გაგკვეკეთებინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ცხოვრება მთავრდება. ღვთის განგება ძალიან ღრმაა და ძალიან რთული. ჩვენ არ ვიცით, რა არის ღვთის განგება და რას გვიმზადებს თითოეულ ჩვენგანს ხვალ. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ვინმესკენ არ უნდა გავიშვიროთ თითი და არ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაც იყო ამაში დამნაშავე… ან თვითონ მეუფე სერაფიმესკენ არ უნდა გავიშვიროთ ხელი, რომ ის იყო დამნაშავე, ყველამ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ ეს. ყველამ საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ ის მარცვალი, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ნაბიჯის გადადგმას. ნუ დაიწყებთ იმის ჩიჩქვნას და გამოძიებას, რატომ მოხდა ეს. ღვთის განგებულებას ჩვენ ვერ ჩავწვდებით დღეს, მაგრამ ხვალ, ზეგ, მაზეგ თავისთავად გაცხადდება, თუ რა იყო მისი განგებულება.

მეუფე სერაფიმემ უამრავი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ეს ეპარქია აღორძინდეს. ღმერთი მას ამ ღვაწლს დაუფასებს. ჩვენ ასევე უნდა დავუფასოთ მას ეს ღვაწლი, მაგრამ ღვთის ნებას უნდა დავყვეთ ყველანი. ეს დარტყმა უნდა გადავიტანოთ”, – ასე მიმართა ბორჯომში მიტროპოლიტმა თეოდორემ მრევლს 2016 წლის აპრილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი