საზოგადოება

ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციაში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ

21 აგვისტო, 2022 • 1641
ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციაში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ლიკვიდაციასა და ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.

პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებას.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ მთავრობის მეთაურმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა,“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ბორჯომის ხეობაში, ქვაბისხევის ტყეში მესამე დღეა ხანძარია. ცეცხლის კერების ჩაქრობას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ხანძრის ქრობას კლიმატური პირობები ართულებს. მაგალითისთვის, უწყება აცხადებს, რომ ქარის გამო ვერტმფრენები გარკვეული პერიოდი ვერ მონაწილეობდნენ ხანძრის ქრობაში.

ბოლო მონაცემებით ხანძრის ლიკვიდაციაში 250 მეხანძრე-მაშველი და 3 ვერტმფრენი მონაწილეობს.

გარეკანი ფოტო: შალვა ნაკაიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი