ფოტო: ფეისბუკის პირადი გვერდიდან

„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შესაძლოა საწარმო შექმნას

სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შესაძლოა საქართველოში საწარმო გახსნას. ამ საკითხზე მასსა და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას შორის საუბარი უკვე შედგა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დიზაინერს საწარმოს გახსნა სურს, რომელიც პლასტმასის წარმოებით იქნება დაკავებული.

“სამომავლოდ საწარმოში ზვიად ციკოლია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასაც აპირებს. გიორგი გახარია ცნობილ დიზაინერს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წარმოების დაწყებაზე ესაუბრა. საწარმოს შექმნიდან პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ განახორციელებს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 214 ახალი ადგილობრივი წარმოება. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასში ჩართულია სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები.

ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტი შედის. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია Carstyling, Auto&Design, Auto Bild, Auto review, Super cars, GQ, Le, Style, Really Good Packaging, Big Book of Packaging, Design and Design და სხვა ჟურნალებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.