ახალი ამბები

საბურთალოზე პრეზიდენტის სიძე დაჭრეს

12 იანვარი, 2017 • 2674
საბურთალოზე პრეზიდენტის სიძე დაჭრეს

11 იანვარს, საღამოს, ბალანჩივაძის ქუჩაზე, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის გარე კომუნიკაციების მენეჯერმა ნეტგაზეთს განუცხადა, ბალანჩივაძის ქუჩიდან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა, თუმცა ერთი პიროვნება 11 იანვარს ცივი იარაღით ცინცაძის ქუჩაზე ნამდვილად დაჭრეს. მისი თქმით, ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაციც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურისა და ამავე საღამოს ცივი იარაღით დაჭრილი კიდევ ერთი პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურთან ვცდილობთ დაკავშირებას, თუმცა მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მინდია გოგოჭურის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო გამოძიება: 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, და 119-ე მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. დამატებით დეტალებზე ამ დროისთვის არც შსს-ში საუბრობენ.


2016 წლის 25 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლას ცდილობდნენ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ საუბარი იყო პოლიციის მხრიდან პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარებაზე. როგორც ადვოკატი ამბობდა, პოლიციელებმა მინდია გოგოჭურს გარკვეული პერიოდი უკანონოდ შეუზღუდეს თავისუფლება. პრეზიდენტის სიძე 2016 წლის 27 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური, ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური, ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი