ახალი ამბები

აზერბაიჯანში ჟურნალისტ მეჰმან ჰუსეინოვს პატიმრობა ემუქრება

10 იანვარი, 2017 • 1505
აზერბაიჯანში ჟურნალისტ მეჰმან ჰუსეინოვს პატიმრობა ემუქრება

ჟურნალისტს, ფოტოგრაფსა და ადამიანის უფლებათა აქტივისტს, მეჰმან ჰუსეინოვს აზერბაიჯანელი სამართალდამცველები პოლიციის დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს. სასამართლო პროცესი 10 იანვარს, ბაქოს დროით 15:00 საათზე გაიმართება. თუკი სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო, მას 30-დღიანი პატიმრობა ემუქრება.

სანამ მისი დაკავების შესახებ გავრცელდებოდა ინფორმაცია, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი (IRFS), სადაც ჰუსეინოვი მუშაობს, წერდა, რომ იგი გაიტაცეს. IRFS-ის განცხადებით, ჰუსეინოვი 9 იანვარს, საღამოს 8 საათზე, გაიტაცეს, როდესაც აზერბაიჯანის დედაქალაქის, ბაქოს ცენტრში, გოგოლისა და ჰაზი ასლანოვის ქუჩებს შორის იმყოფებოდა. ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას ინფორმაციით, მასთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 4-5 ადამიანი მივიდა და ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულა. ჰუსეინოვის ოჯახმა და კოლეგებმა ინციდენტის შესახებ ადგილობრივ პოლიციას შეატყობინეს.

მეჰმან ჰუსეინოვი ცნობილი ჟურნალისტი, აქტივისტი და ბლოგერია აზერბაიჯანიდან. იგი  საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის, “სანკაქის” (SANCAQ) რედაქტორი და აქტიური კორესპონდენტია. საერთო ჯამში, ჰუსეინოვსა და მის გამოცემას ჰყავს ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელი სოციალურ ქსელებზე.  სხვა აზერბაიჯანში მომუშავე სხვა რამდენიმე ჟურნალისტის მსგავსად, “ნეტგაზეთთან” საუბრობდა, რომ აზერბაიჯანის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა ქვეყნიდან გასვლაზე უარის მიზეზს არ ეუბნებოდნენ.

ვიდეო ბლოგერმა, მეჰმან ჰუსეინოვმა უკვე იმედი დაკარგა, რომ ოდესმე აზერბაიჯანიდან გასვლას შეძლებს. შეზღუდვის მიზეზს უკვე რამდენიმე წელია არავინ ეუბნება. მეჰმანი სევინჯის მსგავსად ცდილობს ბევრი არ იფიქროს ამის შესახებ და აქტიურად მუშაობს საკუთარ ვიდეობლოგზე კორუმპირებული ჩინოვნიკების მხილების შესახებ.

ბაქოში, სასამართლოსთან შეკრებილი აქტივისტები და ჟურნალისტები მეჰმან სულეიმანოვს უჭერენ მხარს. 10.01.2016. ფოტო: Hamam Times

ბაქოში, სასამართლოსთან შეკრებილი აქტივისტები და ჟურნალისტები მეჰმან სულეიმანოვს უჭერენ მხარს. 10.01.2016. ფოტო: Hamam Times

ჰუსეინოვის ფოტო-ვიდეორეპორტაჟებმა, IRFS-ის ცნობით, უამრავ ადამიანს მიაქცევინა ყურადღება სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე აზერბაიჯანში. მისი ვიდეორეპორტაჟების ბოლო სერიამ, “კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე დევნამ”, ორგანიზაციის ცნობით, აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური ისტებლიშმენტის გაღიზიანება გამოიწვია.

ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ხადიჯა ისმაილოვა (რომელმაც რამდენიმე თვის წინ დატოვა საპატიმრო) ფეისბუკზე წერს, რომ ეს ინციდენტი მოჰყვა ჰუსეინოვის მიერ ვიდეორეპორტაჟების სერიების გამოქვეყნებას, სადაც მინისტრებისა და პარლამენტის წევრების ძვირადღირებული ქონება გამოამჟავნა.

2016 წლის ნოემბერში ჰუსეინოვი IRFS-ის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი წინამორბედი, ჟურნალისტი რასიმ ალიევი 2015 წლის აგვისტოში ცემით მოკლეს.
მეჰმან ჰუსეინოვი. ფოტო: ჰუსეინოვის ფეისბუკის პირადი გვერდიდან

მეჰმან ჰუსეინოვი. ფოტო: ჰუსეინოვის ფეისბუკის პირადი გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი