გვარამია მიიჩნევს, რომ გამოძიება მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე არასწორი მუხლით მიმდინარეობს

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც 7 იანვარს რესტორანში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გამოძიების მუხლის შეცვლას ითხოვს.

ნიკა გვარამიაზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით პოლიციამ  8 იანვარს  რატი გაჩეჩილაძე დააკავა.

გამოძიება ამ საქმეზე   საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც კოდექსში ასეა განმარტებული:  ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.  ხოლო 120-ე მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას [ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია] და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ამ მუხლით დაკვალიფიცირება არაადეკვატურია:

“თუ ჩემ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს მოტივი არ ჰქონდა, მაშინ ჯგუფური ხულიგნობაა (239.2.ა). თუ მოტივი ჩემი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობაა, მაშინ სიძულვილის დანაშაულია და დევნა ძალის გამოყენებით (156.2.ა) კვალიფიკაცია, რომელიც ჯერჯერობით აქვს საქმეს – ძალადობა (126.1), სრულიად არაადეკვატურია”, – წერს რუსთავი 2 -ის გენერალური დირექტორი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და ამატებს, რომ  თავდასხმა იყო ჯგუფური.

 


ნიკა გვარამიას ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის აზრით, “126-ე მუხლით ამ ქმედების დაკვალიფიცირება შეიძლება მიზნად ისახავდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მსუბუქი სასჯელი იქნეს გამოყენებული დამნაშავის მიმართ და, შესაბამისად, მას არ დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონის გათვალისწინებული წესით“.

რატი გაჩეჩილაძე

რატი გაჩეჩილაძე

ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა პატიმრობას სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით საქმეზე დაკავებული რატი გაჩეჩილაძის მიმართ – პროკურატურას შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს.

რატი გაჩეჩილაძე ლევან გაჩეჩილაძის შვილია, რომელიც 2008 წელს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ის ასევე არის “ახალი მემარჯვენეების” დამფუძნებელი, თუმცა შემდგომ პარტია დატოვა.

ცნობილი არ არის, რა ურთიერთობა აქვს რატი გაჩეჩილაძეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, თუმცა სოციალურ ქსელებში მათი ერთად გადაღებული ფოტო გავრცელდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი