ნიკა გვარამიას ცემის ბრალდებით პოლიციამ რატი გაჩეჩილაძე დააკავა

პოლიციამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ცემის ბრალდებით ლევან გაჩეჩილაძის შვილი რატი გაჩეჩილაძე დააკავა.

 

რატი გაჩეჩილაძე

რატი გაჩეჩილაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 8 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად გამოძიებამ დაადგინა, რომ   “ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს.”

პოლიციის ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც კოდექსში ასეა განმარტებული:  ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.  ხოლო 120-ე მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას [ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია] და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

დაკავებული 31 წლის რატი გაჩეჩილაძე ლევან გაჩეჩილაძის შვილია.  ლევან გაჩეჩილაძე იყო გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი 2008 წელს. იგი ასევე არის “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, თუმცა შემდეგ პარტია დატოვა.

ნიკა გვარამიამ   7 იანვარს განაცხადა, რომ  რესტორანში სცემეს: „დღეს მამა დავასაფლავე და მძიმე ხასიათზე ვარ. მეგობრებმა რესტორან დაინინგ რუმსში წამიყვანეს, ცოტა მდგომარეობიდან რომ გამოვეყვანეთ. შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს“.

 7 იანვარსვე რატი გაჩეჩილაძემ  თავადვე  განაცხადა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, რომ მან სცემა რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს.

სასამართლოს ჯერჯერობით არ უმსჯელია რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, ასევე უცნობია მოითხოვს თუ არა პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას.

რუსთავი 2-ის ცნობით არხის გენერალურ დირექტორს ექიმები ჰოსპიტალიაზაციას ურჩევენ.  როგორც ექიმმა რეანიმატოლოგმა, ხათუნა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ნიკა გვარამიას ქალატვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა და სხეულის რბილი ქსოვილის დაზიანება აღენიშნება.


შენიშვნა: თავდაპირველად შეცდომით იყო გამოქვეყნებული  რატი გაჩეჩილაძის ფოტო, რისთვისაც ნეტგაზეთი ბოდიშს გიხდით. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი