ახალი ამბებისაზოგადოება

განათლების სამინისტრო საპატრიარქოს სკოლა-პანსიონს 280 000 ლარით დაეხმარება

29 დეკემბერი, 2016 • 2105
განათლების სამინისტრო საპატრიარქოს სკოლა-პანსიონს 280 000 ლარით დაეხმარება

მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ განკარგულების პროექტი 29 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ პანსიონს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

განათლების მინისტრის განცხადებით, ეს ერთჯერადი ფინანსური დახმარებაა, რადგან პანსიონში 100-მდე მოსწავლე ცხოვრობს და მათ ფინანსური პრობლემები შეექმნათ, შესაბამისად, ერთჯერადი დახმარებით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ალექსანდრე ჯეჯელავამ “ლიბერალს” განუცხადა, რომ სამინისტრო პანსიონს 280 000 ლარით დაეხმარება.

“ვაპირებთ, რომ მომავალ წლებში შევიმუშაოთ ერთიანი სისტემა ზოგადად პანსიონების ქსელის განვითარების. გეცოდინებათ, რომ წინა წლებში საქართველოში ძალიან ბევრი პანსიონი მუშაობდა თბილისში და ბევრ რეგიონშიც. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ეს პანსიონები განადგურდა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ზოგი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული, ზოგი სპეციალური საჭიროების მქონე, ზოგი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ვისთვისაც დიდი სიკეთე იქნებოდა პანსიონური მომსახურეობა და ასეთი სახის სწავლება. ცალკეული ნათელი წერტილები გვაქვს და ეს სკოლა, სხვათა შორის, არის ერთ-ერთი ასეთი ნათელი წერტილი, ფაქტიურად, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს შეიკედლებენ”- განაცხადა სანდრო ჯეჯელავამ.

გადაწყვეტილებას დღესვე გამოეხმაურა ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის:

“სამწუხარო ფაქტია, რომ განათლების მინისტრის დღევანდელი განცხადება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქვეყნის პრიორიტეტად აღიარებულ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის სახელმწიფო პოლიტიკას, არამედ, ასევე, ევროკავშირის გაცხადებულ პოლიტიკას ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების დაცვის სფეროში. ეს უკანასკნელი  გულისხმობს – ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუციების შემცირების (დახურვის) შეუქცევად პროცესს, ოჯახების გაძლიერებასა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების ჭეშმარიტ ინტერესს. ევროკომისიამ, როგორც ბავშვთა ოჯახურ გარემოში ცხოვრების მხარდამჭერმა და რეზიდენტული დაწესებულებების (ინსტიტუციები, სკოლა-პანსიონები) პრაქტიკის გაუქმების მომხრე ინსტიტუციამ, 2013 წელს შეიმუშავა უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს წლებში ევროკავშირის ქვეყნებში სრულად გაუქმდება ბავშვთა ინსტიტუციები და ხელი შეეწყობა ბავშვთა საოჯახო გარემოში აღზრდასა და სრულფასოვან განვითარებას,” – ნათქვამია განცხადებაში.

2016 წელს ლიცენზირების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირებას ექვემდებარება ყველა დაწესებულება, რომელშიც ბავშვი 24 საათის განმავლობაში იმყოფება. ამ ტიპის დაწესებულებებმა შესაბამისი ლიცენზია 2017 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა მიიღონ. დაწესებულება, რომელიც ლიცენზიის პირობებს ვერ დააკმაყოფილებს, ჯერ დაჯარიმდება, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისგებლობა დაეკისრება. ცვლილება არ ეხება საპატრიაქროს ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებს და განათლების სამინისტროს სკოლა-პანსიონებს. ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად საპატრიქროს ვადა 2020 წლამდე აქვს მიცემული.

მასალების გადაბეჭდვის წესი