ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მარია ზახაროვა: რუსეთი ყარაბაღის პრობლემის დასარეგულირებლად ყველაფერს გააკეთებს

27 დეკემბერი, 2016 • 7690
მარია ზახაროვა: რუსეთი ყარაბაღის პრობლემის დასარეგულირებლად ყველაფერს გააკეთებს

“რუსეთი, როგორ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მხარე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად მუშაობას აგრძელებს. ამიტომაც, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ნორმალიზაციის პროცესი არათუ შეჩერდეს, ინტენსიური გახდეს”, – ამის შესახებ დღეს, 27 დეკემბერს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ისაუბრა.

“რაც შეეხება კონკრეტულ გრაფიკს კონფლიქტის დასარეგულირებლად, ჩვენ ამას ინფორმაციის მიღების შესაბამისად გაუწყებთ,-” უპასუხა ზახაროვამ კითხვას, თუ როგორია მოსკოვის მოლოდინი 2017 წელს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 2016 წლის აპრილში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო დაპირისპირება 4 დღით გამწვავდა, რა დროსაც ათეულობით სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი