ახალი ამბები

“ქართლის ქარის ელექტროსადგური”: ელექტროსადგურის მუშაობა არ შეფერხებულა

22 დეკემბერი, 2016 • 4872
“ქართლის ქარის ელექტროსადგური”: ელექტროსადგურის მუშაობა არ შეფერხებულა

შ.პ.ს “ქართლის ქარის ელექტროსადგური”, რომელიც გორში აშენებული ქარის ელექტროსადგურს ფლობს, აცხადებს, რომ ელექტროსადგურის მუშაობა არ შეფერხებულა — კომპანიის განმარტებით, ელექტროენერგიის გამომუშავების დასაწყებად მას მინიმუმ 3 მ/წმ-ის სიჩქარის ქარი სჭირდება, ხოლო 21 დეკემბერს ქარის სიჩქარე პერიოდულად იცვლებოდა.

“ქარის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებისას რაიმე სახის ტექნიკურ ხარვეზებს თუ შეფერხებებს ადგილი არ ჰქონია და ელექტროსადგური გამართულად ფუნქციონირებს”, – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე ყაზარაშვილმა “ნეტგაზეთს” განუმარტა, “გუშინდელ დღეს [21 დეკემბერს] ქარი პერიოდულად მიდიოდა და მოდიოდა. როდესაც 3 მ/წ-ზე მაღალი იყო ქარის სიჩქარე, [ელექტროსადგურმა ელექტროენერგია] ჩვეულებრივად გამოიმუშავა, როცა 3 მ/წმ-ზე დაბალი იყო — ვერ მიაწვდიდა”, – ამბობს თორნიკე ყაზარაშვილი.

კომპანიის განცხადებითვე, ელექტოსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია მიმდინარე თვის პირველი რიცხვიდან დღემდე სრულად მიეწოდა საქართველოს ელექტროსისტემას (5,5 მილიონი კილოვატ საათი). “ამასთან, 21 დეკემბერს ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ 10 572 კილოვატ საათი შეადგინა”, – ამბობს კომპანია.

ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ გორის ქარის ელექტროსადგურის პროპელერები გაჩერებულია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პარლამენტარმა რომან გოცირიძემ გაავრცელა 21 დეკემბერს.

საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 6 ოქტომბერს შევიდა. ელექტროსადგურ “ქართლის” პროექტი საქართველოს ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდისა” და “საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანიამ შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურმა” განახორციელა. მთავრობის ინფორმაციით, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია — 88 მლნ კვტ/საათი. პროექტის სრული ღირებულება 34 მლნ აშშ დოლარია, საიდანაც 24 მლნ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხია, ხოლო 10 მლნ დოლარი — საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წილი.

შენიშვნა: ე.წ. ქავერის ფოტო გამოყენებულია მასალის ილუსტრაციისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი