ახალი ამბები

არჩევნების ფასი

30 სექტემბერი, 2012 • 4199
არჩევნების ფასი

ცესკოს #37 განკარგულებით საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნისა და კომისიის სხვა წევრთა თანამდებობრივი სარგოები ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ ოლქი 125 000-ზე მეტ ამომრჩეველს აერთიანებს, თავმჯდომარის ხელფასი 900 ლარით, მოადგილის ანაზღაურება – 750 ლარით, კომისიის მდივნის შრომის ანაზღაურება კი 700 ლარით განისაზღვრება. კომისიის წევრის ხელფასი კი 650 ლარი იქნება.

 

ოლქში 100 000-დან 125 000-მდე ამომრჩევლის არსებობის შემთხვევაში ოლქის თავმჯდომარის ხელფასი 840, მოადგილის ხელფასი – 710, კომისიის მდივნის ხელფასი კი 660 ლარამდე შემცირდება.

 

ამ დროისათვის ცესკომ ელექტრონული ტენდერით უკვე შეიძინა ავეჯი, საოფისე მანქანები და სხვა საჭირო საქონელი.

 

მარკირების სითხის შესაძენად ცესკომ 155 976 ლარი გადაიხადა, რომელიც ელექტრონული ტენდერით შპს “ტრეის პროს” დაუკვეთა.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად მთლიანობაში 2 მილიონ 229,291 ლარი გაითვალისწინა ცესკომ წინა არჩევნებში მონაწილე პარტიების საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერის მიზნით სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფინანსებლად. ამ თანხიდან, როგორც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა: “რესპუბლიკელებმა”, “ახალმა მემარჯვენეებმა”, “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “საქართველოს გზამ” თანაბრად 117,405 – 117,405 ლარი, ჯამში 469,62 ლარი გაინაწილეს.

 

თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებულ ხმათა გაანგარიშებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სატელევიზიო რეკლამისთვის 213,912 ლარით დაფინანსდნენ “მრეწველები”. მიღებულ ხმათა შესაბამისად ყველაზე მეტი – 600 000 ლარი ერგო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.

 

თანაბრად 115-115 ათასი ლარი გაინაწილეს “ეროვნულ საბჭოში” შემავალმა პარტიებმა: “კონსერვატორებმა”, “სამართლიანი საქართველოსთვის” და “ხალხის პარტიამ”.

 

ჯამში 600 000 ლარი თანაბრად გაინაწილეს: “ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ”, “ევროპელმა დემოკრატებმა” და “ქრისტიან-დემოკრატიულმა სახალხო პარტიამ”.

 

მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთად ტარდება და უმრავლესობის მხრიდან ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად სახელმწიფო სახსრების დაზოგვა სახელდებოდა, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას საარჩევნოდ მილიონ 142 700 ლარი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მაინც გამოეყო. გასულ არჩევნებზე ეს თანხა თითქმის მილიონით მეტი იყო.

 

უმაღლესი საარჩევნო კომისია საარჩევნოდ გამოყოფილ თანხას კაპიტალური ხარჯებისთვის დახარჯავს. როგორც უსკოს კომისიის თავმჯდომარემ, არჩილ მიქელაძემ განმარტა, უსკო შეისყიდის ტექნიკას, მათ შორის მრავალფუნქციურ პრინტერებს, ასევე თანამედროვე ხმის მისაცემ კაბინებს. ამ ტიპის ტექნიკის შესაძენად ტენდერი ცესკოსაც ჰქონდა გამოცხადებული.

 

უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის გამოყოფილი თანხიდან ფული რეკლამირებისთვისაც დაიხარჯა. ტენდერი არ გამოცხადებულა, თუმცა კომისიას აქვს უფლება, თანხის გაცემის დროს ერთ პირთან მოლაპარაკების ფორმაც გამოიყენოს.

 

ამავე თანხაშია გათვალისწინებული უსკოს კომისიის წევრების ანაზღაურებაც.

 

ვინაიდან საარჩევნო კომისია არჩევნების პერიოდში არასამუშაო დღეებშიც მუშაობს, კანონი იძლევა საშუალებას, უსკოს თანამშრომლებზე გაიცეს გაორმაგებული შრომის ანაზღაურება საარჩევნო პერიოდში.

 

უსკოს დაფინანსებას ვერ მიიღებენ მხოლოდ საუბნო კომისიის წევრები და აჭარის ბიუჯეტის თანხა მხოლოდ საუბნო კომისიის წევრების ხელფასის ხარჯზე დაიზოგება.

 

უსკოს მიმდინარე წლის ხარჯი დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.

 

ისეთ შემთხვევაში, როცა ორი არჩევნები ერთმანეთს ემთხვევა, უბნის და ოლქის ფუნქციას ასრულებს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი უბანი და ოლქი, ანუ საზღვრები დგინდება საპარლამენტო არჩევნებისთვის.

 

უსკო კი იღებს აქტებს, რომელიც საჭიროა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებისთვის, საარჩევნო ბიულეტენის ფორმის დამტკიცება, დამკვირვებლების და სუბიექტების რეგისტრაციაში გატარება და ასე შემდეგ. შემაჯამებელ ოქმს კი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკო ადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი