ახალი ამბები

რეკომენდაციები საზოგადოებრივი აზრის კვლევის ხარისხის ასამაღლებლად

19 ივნისი, 2013 •
რეკომენდაციები საზოგადოებრივი აზრის კვლევის ხარისხის ასამაღლებლად

ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის – “საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაძლიერება საქართველოში” პრეზენტაცია დღეს, 19 ივნისს გაიმართა სასტუმრო “რედისონში”, რომელსაც მკვლევართა ჯგუფის უფროსი ქეთლინ ა. ფრანკოვიჩი, ანალიტიკური კვლევის ცენტრების პროგრამის წარმომადგენელი ვლადისლავ გალუშკო და “ღია საზოგადოება საქართველოს” დირექტორი ქეთი ხუციშვილი უძღვებოდნენ.

“მთავარი ის არის, რომ არ უნდა ხდებოდეს დისკრედიტაცია საზოგადოებრივი აზრის კვლევისა… 2012 წლის მანძილზე ამა თუ იმ პოლიტიკურმა პარტიამ ერთმანეთისადმი გამოთქვა ეჭვი ამა თუ იმ კვლევისადმი. გვინდა, რომ კვლევები სამომავლოდ იყოს არა პოლიტიკური თამაშის იარაღი, არამედ საფუძველი შემდგომში სერიოზული პოლტიკური პლატფორმების განვითარებისა, საზოგადოებასთნ დამოკიდებულების გაუმჯობესებისა, ახალი პოლიტიკური კამპანიების დაგეგმვისა”, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

დოქტორის ხარისხის მფლობელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის კონსულტანტი ქეთლინ ფრანკოვიჩმა ამჟამად საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციაში ESOMAR მუშაობს. მისი თქმით, 32-წლიან გამოცდილების მანძილზე CBS News–ისთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევები ჩაუტარებია.

“ჩვენი ძირითადი მიზანი იყო, შეგვესწავლა ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევა, თუ რამდენად სწორად ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რა მეთოდოლოგია იყო გამოყენებული. კითხვარები და გარკვეული მეთოდოლოგია გადასასინჯია. როცა კვლევა ჩატარდება, მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები და მხოლოდ ციფრების დასახელება ნამდვილად არ არის საკმარისი, რადგან კვლევა ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე – სტატისტიკური მონაცემები.

ამ კვლევის ძირითადი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ შემდგომი არჩევნებისთვის გადაისინჯოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციების მიერ გამოყენებული მეთოდები. გარკვეული ინფორმაცია უნდა იყოს გასაჯაროებული დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე, ვისი შეკვეთით მოხდა კვლევის ორგანიზება,” – აცხადებს ქეთლინ ფრანკოვიჩი.

კვლევის ავტორები საქართველოში 2013 წლის აპრილში ჩამოვიდნენ. ისინი იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში იყვნენ ჩართულები.

მკვლევრებმა შეისწავლეს საქართველოში ჩატარებული შემდეგი გამოკითხვები: ISSA (2011 წლის 11–22 ნოემბერი), NDI (2012 წლის 22 თებერვალი–5 მარტი)NDI (2012 წლის 4–22 ივნისი), Penn Schoen and Berland (2012 წლის 3–15 ივლისი), NDI (2012 წლის 31 ივლისი–12 აგვისტო), Greenberg Quinlan Rosner (2012 წლის 1–6 აგვისტო), Forsa (2012 წლის 17–30 აგვისტო), Forsa (2012 წლის 20–26 სექტემბერი). თუმცა, ძირითადი ყურადღება სამ მათგანზე, Penn Schoen and Berland (2012 წლის 3–15 ივლისი), NDI (2012 წლის 31 ივლისი–12 აგვისტო), Greenberg Quinlan Rosner (2012 წლის 1–6 აგვისტო), გაამახვილეს.

შერჩეული გამოკითხვები ახლო პერიოდში იყო ჩატარებული და ქეთლინ ფრანკოვიჩის თქმით, ამის მიუხედავად, ასეთი შედეგები დაიდო: Penn Schoen and Berland – ნაციონალური მოძრაობა–41%, ქართული ოცნება–42%, თავი შეიკავა–9%; NDI – ნაციონალური მოძრაობა–37%, ქართული ოცნება – 12%, თავი შეიკავა 42%; Greenberg Quinlan Rosner – ნაციონალური მოძრაობა–46%, ქართული ოცნება–24%, თავი შეიკავა– 20%.

კვლევების შედეგად მიღებული შედეგები არ იყო არჩევნების შედეგების იდენტური, რაც ფრანკოვიჩმა კვლევის შედეგის ერთგვარ ხარვეზად მიიჩნია.

ფრანკოვიჩმა ისაუბრა იმაზე, რომ ორპარტიულ არჩევნებში, მაშინ როცა ასეთი დიდია ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლების რაოდენობა, ძნელია ზუსტი შედეგის განსაზღვრა, თუმცა მისი აზრით მკვლევრებს შეეძლოთ დამატებითი შეკითხვებით გამოეკვლიათ მათი პოლიტიკური სიმპათიები. ქეთლინმა აღნიშნა, რომ ამ კვლევიდან ორი პოლტიკური სუბიექტების დაკვეთით იყო ჩატარებული და არ გამორიცხავდა “მიკერძოებულობის გარკვეულ წილს.”

მისივე ვარაუდით, კითხვების დასმის სპეციფიკა და პერიოდი, როდესაც ეს კითხვები დაუსვეს ინტერვიუერებმა რესპონდენტებს, კარგად არ იყო შერჩეული. რადგან ციხის კადრების გამოქვეყნებამ დიდი გავლენა მოახდინა არჩევნების დასრულებაზე. უნდა ჩატარებულიყო კვლევა, რომელიც ასევე ციხის სკანდალის შემდეგ ამომრჩევლის განწყობას გაზომავდა.

ქეთლინ ფრანკოვიჩმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოში მომუშავე მკვლევრებმა რესპონდენტებში “შიშისა” და “სირცხვილის” გამო საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გაუმჟღავნებლობას გაუსვეს ხაზი. მკვლევარის თქმით, კვლევის კოდექსის შემოღება უფრო მეტად შეუწყობს ხელს რესპონდენტების მხრიდან მეტ გულახდილობას და ნდობას ინტერვიუერების მიმართ.

ფრანკოვიჩის თქმით, უმჯობესია ქართველმა მკვლევრება თავი აარიდონ პირისპირ ინტერვიუს, რადგან ეს გარკვეულწილად რესპონდენტებზე გავლენას ახდენს. მისი თქმით, ეს პრაქტიკა უკვე მოძველებულია და ძირითადად სატელეფონო ინტერვიუებს იყენებენ. ქეთლინმა მაგალითად ნიკარაგუაში ჩატარებული კვლევა მოიყვანა. იმ ინტერვიუერებმა, რომლებსაც ჰქონდა მმართველი პარტიის ლოგოს გამოსახულების მქონე კალამი და კალამი ლოგოს გარეშე იდენტური შედეგები აჩვენეს, ხოლო რესპონდენტებმა, რომლებსაც ოპოზიციური პარტიის ლოგოს მქონე კალამი ჰქონდათ, ჰქონდათ განხვავებული შედეგი. ეს მაგალითი ქეთლინმა იმის დასადატურებლად მოიყვანა, რომ ინტერვიუერი, მისი ასაკი ან გამომეტყველება რესპონდენტზე ხშირად გავლენას ახდენს.

მკვლევართა ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებში ჩატარებული გამოკითხვების საჯარო არქივის შექმნაა, რომლითაც მკვლევრები ისარგებლებენ. ასევე, მათ მიაჩნიათ, რომ ყველა მკვლევარმა, რომელიც გამოკითხვას ჩაატარებს, აუცილებლად უნდა გასაჯაროოს კვლევის ჩატარების ტექნიკა და ინფორმაცია კვლევის შესახებ.

პროფესრომა, ფსიქოლოგმა მარინა ჩიტაშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა პრეზენტაციას, მოიწონა ქეთლინ ფრანკოვიჩის მოსაზრება ჩატარებული გამოკითხვების საჯარო არქივის შექმნის თაობაზე:

“მე არ მინახავს არც ერთი ორგანიზაცია, რომელიც თანხმდებოდება, გამოკითხვის დროს, რომ კითხვები ერთნაირად იყოს ფორმულირებული. მთავარია კითხვა იყოს ფორმულირებული ისე, რომ წინასწარ არ განსაზღვრავდეს პასუხს. უმეტესი პრობლემა ყველა ამ ტიპის კითხვებისა არის ის, რომ ის წინასწარ განსაზღვრავს პასუხს. ეს არის მეთოლოდიურად გამოსასწორებელი.

მე არ ვთვლი, რომ ეს პრობლემაა, ის რაც იყო წინასაარჩევნოდ ჩატარებული, მათ აიღეს მხოლოდ სამი კვლევა. ეს იყო ჩატარებული ივლისში და აგვისტოს დასაწყისში. მათ არ აუღიათ ის კვლევები, რომელიც ჩატარებული იყო სექტემბერში.

პოლიტიკური მეცნიერების თვალსაზრისით პრინციპულად დგება საკითხი: რა პრობლემა იყო ინსტიტუციებსა და აქტორს შორის, რომელმაც შეძლო ნახევრად ავტორიტარულ რეჟიმში არჩევნებით ახალი ხელისუფლების მოსვლა? ასეთი მარტივი დასკვნის გაკეთება პრინციპულად არამონაცემებზე დაყრდნობილად მიმაჩნია”, – აცხადებს მარინა ჩიტაშვილი.

ოთხი მკვლევრისაგან შემდგარ ჯგუფს ქეთლინ ფრანკოვიჩი უძღვებოდა. სხვა მკვლევარები კი იყნენ, მიროსლავა გრაბოვსკა, ემანუელ რივიერ, მაიკლ ტროგო. კვლევა საზოგადოებრივი აზრის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციებმა ESOMAR, WAPOR ჩაატარეს, ხოლო დამფინანსებლები ღია საზოგადოება საქართველო და ღია საზოგადოების ქსელის ბუდაპეშტში მოქმედი THINK TANK ფონდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი