ახალი ამბები

სააკაშვილი: ეს იყო დიდი ხნის შეთქმულება

23 სექტემბერი, 2012 • • 1063
სააკაშვილი: ეს იყო დიდი ხნის შეთქმულება

პრეზიდენტის განცხადებით, ის პოლიტიკიდან ისე არ წავა, რომ ლაზიკა არ იყოს ყველაზე ბრწყინვალე ქალაქი შავიზღვისპირეთის.

“ამ ხალხს დასანგრევი ობიექტების გრძელი სია აქვს. მათ არ მოსწონთ ანაკლიის ხიდი, ჩვენი იუსტიციის სახლები, უნდათ ქუთაისში პარლამენტის გაუქმება. დაწვებიან, მაგრამ არ აგვაშენებინებენ, თავის ჭკუით, ლაზიკას – ეს არის მათი პროგრამა. ჩვენი პროგრამა არის აღმშენებლობის. მე ისე არ წავალ პოლიტიკიდან, რომ ლაზიკა არ იყოს ყველაზე ბრწყინვალე ქალაქი შავიზღვისპირეთის”, – განაცხადა სააკაშვილმა.    

პრეზიდენტმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

“ეს იყო დიდი ხნის შეთქმულება, დიდი ხნის მომზადებული პროვოკაცია. მათ შორის – ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების გამოც. მთელი თვეები იცოდნენ, რომ მათ თვალწინ ამწარებდნენ, აწამებდნენ, აუბედურებდნენ ხალხს, თუმცა არ ამბობდნენ იქამდე, ვიდრე ჩვენ თვითონ არ დავიჭირეთ ხალხი. ადრე რომ გამოეტანათ ეს, იმ წამში დასრულდებოდა. აი, ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე – მათ ეგონათ, რომ ორშაბათიდან დაიწყებოდა სისტემის ჩამოშლა, დაბნეულობა, შოკი, ხალხის გაქცევა, თანამდებობის პირების გადადგომა, არეულობები რეგიონში, მაგრამ ნურას უკაცრავად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ქვეყენაში დიდი რაოდენობით რუსული ფულია შემოსული, რომელსაც სიბინძურის კეთების, კომპრომატების გამოყენების, დისკრედიტაციის, შანტაჟისა და ნგრევის გარდა არაფერი შეუძლია.

“ეს ხალხი ხარჯავს ასობით მილიონ დოლარს, რათა მსოფლიოს უთხრას, რომ საქართველო საზიზღარი ქვეყანაა. ქირაობენ ლობისტებს, ქირაობენ სისტემის შიგნით გახრწნილ ელემენტებს და ყველა სისტემაშია გახრწნილი ელემენტები. ხალხი ენდობა პოლიციას, მაგრამ პოლიციაშიც შეიძლება ვიღაცას ელოდო. ბევრი რამ გაკეთდა ციხეებში, მაგრამ იმხელა კატასტროფა კეთდებოდა იქ, რომ თუნდაც რამდენიმე წელიწადში მისი გამოსწორება როგორ შეიძლებოდა. მათ ციხეებში არსებული ვითარების შესახებ ვიდეოების გასაჯაროება 24–25 რიცხვში უნდოდათ, რადგან ყველანი დაბნეულიყვნენ, შოკის ქვეშ მოქცეულიყვნენ და უარი ეთქვათ მთავარ მონაპოვარზე – ჩვენს მომავალზე, აღმშენებლობაზე, განვითარებაზე, თავისუფლებაზე და ჩავბარებოდით უკან მტერს. ეს გეგმა დღეს ჩავარდა”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ზუგდიდის მთავარ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აქცენტი ასევე იქ შეკრებილთა რაოდენობაზეც გააკეთა.

“რამდენი ხალხიც დღეს აქ არის, ამ მოედანზე, არასდროს შეკრებილა ისტორიაში. ეს არის მთავარი გაკვეთილი, რომ სამეგრელომ ზუსტად იცის, როდის უნდა გამოვიდეს და დადგეს ერთად”, – აღნიშნა სააკაშვილმა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი