მიხეილ სააკაშვილი. ფოტო: სააკაშვილის ფეისბუკი

სააკაშვილი: ენმ–ის პოლიტსაბჭოს წევრთა უმრავლესობამ გააკეთა ერთადერთი სწორი არჩევანი

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს იმისთვის, რომ მათ გააკეთეს ერთადერთი სწორი არჩევანი – მრავალათასიანი, დემოკრატიული და ევროპული ტიპის პარტიისთვის შესაფერისი ყრილობის სასარგებლოდ, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრთა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ენმ–ის ყრილობა 20 იანვარს ჩატარდება და მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს მინიმუმ 7000-მა დელეგატმა.

როგორც სააკაშვილი წერს, ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიის უმრავლესობა ემხრობა ჩართულობის, ერთიანობისა და განახლების იდეას. ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს იდეა უალტერნატივოა მომავალსა და გამარჯვებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც საქართველოში ერთადერთ ორგანიზებული ძალად თვლის ევროატრალნტიკური კურსის დასაცავად. მისი განცხადებით, ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელსაც “საფრთხეს უქმნის ივანიშვილის ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა.”

“დღეს ჩვენმა პარტიამ აჩვენა სიმწიფე, ერთიანობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რაც უტყუარი წინაპირობაა ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ გზაზე გამარჯვების მიღწევისა და არსებული ანომალიური ვითარების დასრულებისთვის,” – აცხადებს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტსაბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით არჩეული წესი უზრუნველყოფს ყველანაირი, მათ შორის, განსხვავებული მოსაზრებების არსებობას, მათზე საჯარო დისკუსიის შესაძლებლობას და დემოკრატიული გზით, აზრთა შორის ოპტიმალურის გამოვლენას.

“ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მაღალი ნდობა გამომიცხადა და არ დაუშვა ჩემი პარტიიდან დისტანცირების გეგმის განხორციელება. ერთად გავიმარჯვებთ! ძალა ერთობაშია!” – წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი. ფოტო: სააკაშვილის ფეისბუკი

მიხეილ სააკაშვილი. ფოტო: სააკაშვილის ფეისბუკი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ, პარტია 7000-დელეგატიან ყრილობას ჩაატარებს და ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევს. პოლიტსაბჭოს ერთმა წევრმა თავი შეიკავა.

პოლიტსაბჭოს პარალელურად, ენმ–ის ოფისთან შეკრებილი იყვნენ მხარდამჭერები, რომლებიც 7 000-დელეგატიან ფორმატს ემხრობოდნენ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ მათ გამარჯვება აღნიშნეს და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელს სკანდირებდნენ, რომელიც ასევე ამ წესს უჭერდა მხარს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს 60-დან 50 წევრი დაესწრო და ყრილობის ჩატარების წესის 2 ვარიანტი განიხილა.

პირველი ვარიანტის მიხედვით, ყრილობა უნდა ჩატარდეს 27 დეკემბერს და მასში 2 158-მა დელეგატმა უნდა მიიღოს მონაწოეიბა, ამ ვარიანტის მიხედვით, პარტიამ უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე. ეს პოსტი მას მერე გახდა ვაკანტური, რაც მიხეილ საკააშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ეს ვარიანტი მოამზადა სამდივნოს გავლით პოლიტსაბჭოს მიერ ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა.

რაც შეეხება მეორე ვარაინტს, ეს ვარიანტი მოამზადეს პოლიტსაბჭოს წევრებმა: ზაზა ბიბილაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ და ლევან ბეჟაშვილმა. მეორე ვარიანტის მიხედვით, ყრილობა უნდა ჩატარდეს 20 იანვარს და მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს მინიმუმ 7000-მა დელეგატმა. ამ ვარიანტში ახალი თავმჯდომარის არჩევა გათვალისწინებული არ არის. ამ ვარიანტს მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილი. ხმათა უმრავლესობით, სწორედ ეს ვარიანტი აირჩია პოლიტსაბჭომ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.