ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, "თბილისის ჰამქარის" დირექტორი ცირა ელისაშვილი და განვითარების ფონდის ხელმძღავნელი გიორგი  ბაიდარაშვილი საკრებულოში შეხვედრაზე 28.11.16

რესპუბლიკელები და ელისაშვილი თბილისის განვითარების ფონდის რეორგანიზაციას ითხოვენ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელები” და დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის განვითარების ფონდის გაუქმების ან მისი რეორგანიზაციას მოთხოვნით ახლო მომავალში თბილისის საკრებულოს მიმართავენ.

მათი განცხადებით, არსებული მოდელით ფონდი ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და დამოუკიდებელი სტრუქტურის არსებობის მაგივრად უმჯობესი იქნება, თუ მის ფუნქციებს თბილისის კეთილმოწყობის სამსახური შეითავსებს. დეპუტატების მოთხოვნას უერთდება არასამთავრობო ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარიც”.

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან, გიორგი ბაიდარაშვილთან სამუშაო შეხვედრა ხათუნა სამნიძემ, ალეკო ელისაშვილმა და “ტფილისის ჰამქრის” ხელმძღვანელმა ცირა ელისაშვილმა დღეს გამართეს. მედიისათვის დახურული შეხვედრა ფრაქციის ინიციატივით შედგა, რომელზეც ფონდის ხელმძღვანელს შეხვედრის მონაწილეებისათვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია მიმდინარე პროექტების, სამომავლო გეგმებისა და ბიუჯეტის შესახებ. თუმცა, ელისაშვილის თქმით, ბაიდარაშვილისაგან კითხვებზე პასუხები ვერ მოისმინეს. დეპუტატის განცხადებით, ფონდი, სავარაუდოდ, არის კორუფციული სტრუქტურა, რომელსაც ქალაქის ხელისუფლება იყენებს:

“დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მე კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ამ ფონდის არსებობა არ არის მიზანშეწონილი. ეს ფონდი იყო და რჩება დახურულ, გაუგებარ სტრუქტურად. რისთვის არის, ღმერთმა უწყის. კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახური აბსოლუტურად იმავეს გააკეთებდა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უკეთესადაც. ამ ფონდში არ მუშაობენ საქმის პროფესიონალები,” – აცხადებს ელისაშვილი.

ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, "თბილისის ჰამქარის" დირექტორი ცირა ელისაშვილი და განვითარების ფონდის ხელმძღავნელი გიორგი ბაიდარაშვილი საკრებულოში შეხვედრაზე 28.11.16

ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, “თბილისის ჰამქარის” დირექტორი ცირა ელისაშვილი და განვითარების ფონდის ხელმძღავნელი გიორგი ბაიდარაშვილი საკრებულოში შეხვედრაზე 28.11.16

ფრაქციის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, შეხვედრის მიუხედავად, ფონდის საქმიანობა მისთვის სრულიად გაუმჭვირვალეა. “რესპუბლიკელები” ფონდის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად გამოითხოვენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას – მოითხოვონ მისი გაუქმება, თუ სტრუქტურის ცვლილება.

“არ არის აუცილებელი ფონდის ცალკე არსებობა, მით უმეტეს, რომ იქ არ არიან კონკრეტულად რესტავრაციის სპეციალისტები, რაც თვითონაც აღნიშნა ფონდის ხელმძღვანელმა.

ჩვენ ვფიქრობთ, გამოვითხოვოთ საშტატო განრიგი, სპეციალისტებზე ინფორმაცია, რადგან რესტავრირებულ რამდენიმე ობიექტზე გამოვლინდა ხარვეზები სამუშაოების დასრულების შემდეგ. ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროცესში ხარვეზები არ ყოფილა, ეს ნიშნავს, რომ მათ არ ჰყავთ ზედამხედველობის შესაბამისი სტრუქტურა – აქედან გამომდინარე გამოვითხოვთ სტრუქტურას, გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმაციას და ამის შემდეგ ჩვენ გვექნება წინადადება, შეიცვალოს ფონდის სტრუქტურა, თუ შესაძლებელია ეს სამუშაოები სხვა სამსახურმა გასწიოს,” – აცხადებს სამნიძე.

“ტფილისის ჰამქრის” დირექტორის, ცირა ელისშვილის თქმით, ფონდის სარეაბილიტაციო პროექტებში არ არიან ჩართული არქიტექტორ-რესტავრატორები და, შესაბამისად, ქალაქის რესტავრირებული ნაწილის მონიტორინგი უჩვენებს, რომ რეაბილიტაციის პროცესში ბევრი შეცდომაა დაშვებული.

“ტფილისის ჰამქარმა” ფეისბუკშიც გაავრცელა ფოტომასალა, სადაც რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირზე აღდგენილი შენობების ხარვეზებია ასახული. ელისაშვილი ამბობს, რომ მონიტორინგის შედეგები დღეს ბაიდარაშვილსაც წარუდგინეს, თუმცა ფონდის ხელმძღვანელი შენიშვნებს არ იზიარებს.

“აუცილებელია ფონდში გაჩნდეს სტრუქტურა, რომელიც კვალიფიციური არქიტექტორ-რესტავრატორებით იქნება დაკომპლექტებული, მაგრამ კითხვებზე გაცემული პასუხებიდან გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ მათ არ დააფიქსირეს არც ამ შეხვედრაზე ის რეალობა, რომელიც დგას. რომ მათ ფონდს, რომელსაც ჰქვია თბილისის განვითარების ფონდი და რომელიც მუშაობს ძველ თბილისში, არ ჰყავს არც ერთი არქიტექტორ- რესტავრატორი. ამასთან დაკავშირებით მათ არ მიიღეს ჩვენი რეკომენდაციები. ამბობენ, რომ არის ხარვეზები, მაგრამ ხარვეზს თუ იმას დავარქმევთ, რომ აივანი აღარ არის, სადარბაზოს კარი რკინის არის – მე ვფიქრობ, რომ “ხარვეზი” რბილად ნათქვამია. სამწუხაროდ, ეს ფონდი დაარსების დღიდან ვერ ამართლებს იმ მისიას, რომელიც მას დაკისრებული ჰქონდა,” – აცხადებს ცირა ელისაშვილი.

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღავნელი გიორგი ბაიდარაშვილი 28.11.16

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღავნელი გიორგი ბაიდარაშვილი 28.11.16

ელისაშვილის ბრალდებას, რომ ფონდში არ მუშაობენ პროფესიონალები, ბაიდარაშვილი უარყოფს და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი ქირაობენ ამ სფეროს წარმომადგენლებს:

“ფონდის სტრუქტურა საჯაროა. გვყავს არქიტექტურის ორი სამსახური, სადაც სადაქმებულია 7 ადამიანი და საჭიროების შემთხვევაში შტატგარეშე კონსულტაციებისთვის არქიტექტორს, ხელოვნებათმცოდნეს, არქეოლოგს და ამ სფეროს წარმოამადგენლებს ვქირაობთ. მე არ ვფიქრობ, რომ ფონდში არის პროფესიონალების პრობლემა.”

ბაიდარაშვილი ასევე არ იზიარებს დეპუტატებისა და არსამთავრობო ორგაიზაციის პოზიციას ფონდის საქმიანობის გაუმჭვირვალობასთან დაკავშიებით. მისი თქმით, ფონდიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია და ამ დრომდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რომელიმე პირს ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა.

ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი 2010 წელს შეიქმნა. როგორც ფონდში აცხადებენ, მისი მიზანია ქალაქის, მათ შორის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია-გამაგრების მიზნით სტრატეგიის შემუშავება, კონკრეტული პროექტების დაგეგმვა, მისი განხორციელება ან/და შესრულებაზე კონტროლი. ფონდმა სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა აღმაშენებლის გამზირზე, ძველ თბილისში, ასევე, მიხეილ მესხის სტადიონსა და საკრებულოს შენობაში. ბაიდარაშვილის თქმით, სამომავლოდ იგეგმება მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნების რესტავრაციაც.

ავტორი