საზოგადოება

„პოლიცია ფიზიკურად გამისწორდა, ნეკნი მაქვს მოტეხილი“ — ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 • 1649
„პოლიცია ფიზიკურად გამისწორდა, ნეკნი მაქვს მოტეხილი“ — ალეკო ელისაშვილი

პარლამენტარი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ  გუშინ, 17 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ სცემა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა.

ის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვაჟა სირაძეს.

„უშუალოდ ვაჟა სირაძის დავალებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ რამდენიმე საათით გადამიყვანეს შსს-ს დიდუბის განყოფილებაში, იქ ადამიანური გარემო იყო. შემდეგ მოვედი კლინიკაში და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი“, — ამბობს ელისაშვილი, რომელსაც დაზიანებები სახეზეც ეტყობა.

პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით მისი ჩასმის ვიდეო ტვ „პირველმა“ წუხელვე გაავრცელა.

ალეკო ელისაშვილმა 15 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მუშტი დაარტყა „ქართული ოცნების“ წევრს, უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს იმ დროს, როცა ის რუსულ კანონზე საუბრობდა. ოპოზიციონერ დეპუტატს კომიტეტის დარბაზშივე რამდენიმე დეპუტატი იქვე გაუსწორდა ჯგუფურად, რის შემდეგაც ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.


17 აპრილს საქართველოს პარლამენტის 83-მა დეპუტატმა, მიუხედავად მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის საფარქვეშ შემუშავებულ რუსულ კანონს. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში 2012 წლიდან დღემდე ეტაპობრივად გააქრო დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები და სამოქალაქო ორგანიზაციები.
რამდენიმე დღეა, რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მრავალათასიანი აქციები იმართება. მოქალაქეები აღნიშნულს აპროტესტებენ საქართველოს სხვა ქალაქებშიც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი