37786

აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე საუბარი უტოპიაა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შესახებ საუბარი არის აბსურდული და ცალკეული პიროვნებების ახირება. ამის შესახებ მან “რუსთავი 2″–ის ეთერში ისაუბრა.

აბაშიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ამაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი, ხოლო ამომრჩეველს იმიტომ არ მიუცია მმართველი გუნდისთვის ხმა, რომ უტოპიურ თემებზე ილაპარაკოს. მისი თქმით, თუ ვინმეს N1 საკითხი ჰგონია პრეზიდენტის არჩევის ცვლილება, ძალიან რთული იქნება სერიოზული დისკუსია.

“უამრავი სხვა პრობლემის დასახელბა შეიძლება, მაგრამ ის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს წარმატებით მუშაობს; ის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის მთავარი ბალანსის შემქმნელი ქვეყანაში სხვადასხვა შტოებს შორის; ის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის საშუალებით უამრავი საკითხი გადარჩა ამ ქვეყანაში, რომელიც დღეს შეიძლება საერთოდ არ გვქონოდა, ან გვქონოდა ძალიან მახინჯი ფორმით – ეს ხომ ფაქტია? რომ არ ყოფილიყო პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალიან აქტიური ჩართულობა, რა იქნებოდა მოსმენების კანონთან დაკავშირებით და რა იქნებოდა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით? საერთოდ გვექნებოდა დღეს ეროვნული ბანკი? დღეს არის ის დრო, როდესაც ამ თემებს მკაფიოდ უნდა გაესვას ხაზი. ამიტომ იქ, სადაც არ არსებობს პრობლემა, რატომ ვიწყებთ იქიდან? სხვა ყველა საკითხი მოგვარებულია? უმუშევრობა შემცირდა? საგარეო ვალი შემცირდა? უკეთესი ჯანდაცვა გვაქვს? სოფლის მეურნეობა განვითარდა? უკეთესი განათლების სისტემა გვაქვს? ეს საკითხები მოგვარდა და გადავედით შემდეგ საკითხზე? კი, ბატონო, მაგრამ სავარაუდოდ, ძალიან მაღალი ალბათობით, ქართველი ხალხის მანდატი პოლიტიკურ პარტიებს, მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ მიუცია იმისთვის, რომ უტოპიურ თემებზე ილაპარაკოს,” – ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

როგორც გიორგი აბაშიშვილი ამბობს, ამომრჩეველმა იმიტომ მისცა ხმა “ქართულ ოცნებას”, რომ რეალურ პრობლემებზე ილაპარაკოს და იმოქმედოს, რომელსაც ყველა საშუალება აქვს ამისთვის:

“საკონსტიტუციო უმრავლესობის ნაკლოვანება და სიძლიერე არის ორ რამეში და ორივე ერთდროულად არსებობს – ნაკლოვანება არის იმაში, რომ მიიღო ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომელიც ერთი ადამიანის ახირების შედეგია და მეორე, განახორციელო რეალური ცვლილებები და იყო რეფორმებზე ორიენტირებული და შეასრულო დაპირებები. ახლა ჩვენ სწორედ ამ ზღვარზე ვართ, თუ როგორ გამოიყენებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ცხადია, ყველა ვისურვებდით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს მართლაც შესანიშნავი შესაძლებლობა ნებისმიერი რეფორმებზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიისთვის, გამოიყენონ საზოგადოების უკეთესი ცხოვრების დონის უზრუნველსაყოფად და არა ცალკეული ახირებების განსახორციელებლად.”

აბაშიშვილის განცხადებით, სხვადასხვა საკითხებზე აბსურდული განცხადებები მუდმივად კეთდებოდა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შესახებ დაწყებული დისკუსიაც გარკვეულწილად არის ნანახი ფილმიდან. მისი თქმით, ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად სიახლე და რეფორმებზე ორიენტირება სჭირდება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო არჩევნების გზით, თუმცა მისი უფლებამოსილება მკვეთრად შესუსტდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველო საპრეზიდენტოდან ნახევრად საპარლამენტო მოწყობის მოდელზე გადავიდა.

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო მმართველობა უნდა გაძლიერდეს, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ პრეზიდენტს პარლამენტი დანიშნავს.

საპარლამენტო მმართველობის განმტკიცებაზე ასევე საუბრობდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. მისი თქმით, საჯაროდ არ უნდა აირჩიონ პრეზიდენტი, რომელსაც “ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს”, რადგან საქართველო, მმართველობის ფორმის მიხედვით, ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკაა. ივანიშვილის განცხადებით,  პარლამენტმა პრეზიდენტი რომ უნდა დანიშნოს, ამაზე “ყველა შეთანხმებული” იყო კოალიცია “ქართულ ოცნებაში”.

ნეტგაზეთის მიერ ჩატარებული ონლაინ–გამოკითხვით, პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევას მკითხველის 81.52%–მა დაუჭირა მხარი, პარლამენტის მიერ დანიშვნას 16.85%–მა. გამიკითხვის შედეგებით, 1.09%–ფიქრობს, რომ სხვა ფორმით უნდა აირჩეს პრეზიდენტი, ხოლო 0.54%–ს არ აქვს კითხვაზე პასუხი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.