არჩეული თუ დანიშნული პრეზიდენტი?

“ქართული ოცნება” პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას აპირებს იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, რაც არჩევნების მეორე ტურების ჩატარების შემდეგ გაირკვევა. ვინ და როგორ უნდა უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს და რა პოზიციები აქვთ ამასთან დაკავშირებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას (ენმ) და საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (სპა), რომლებიც 8 ოქტობრის არჩევნების შედეგად შედიან მეცხრე მოწვევის პარლამენტში?

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო არჩევნების გზით, თუმცა მისი უფლებამოსილება მკვეთრად შესუსტდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველო საპრეზიდენტოდან ნახევრად საპარლამენტო მოწყობის მოდელზე გადავიდა.

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო მმართველობა უნდა გაძლიერდეს, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ პრეზიდენტს პარლამენტი დანიშნავს. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ აღნიშნული ცვლილება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგაა მიმართული. ოპოზიციაში კი ამ ნაბიჯის უკან სხვა საფრთხეებსაც ხედავენ.

საპარლამენტო მმართველობის განმტკიცებაზე საუბრობდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. მან ქუთაისში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას თქვა, რომ საჯაროდ არ უნდა აირჩიონ პრეზიდენტი, რომელსაც “ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს”, რადგან საქართველო, მმართველობის ფორმის მიხედვით, ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკაა. მისივე თქმით, პრეზიდენტი პარლამენტმა რომ უნდა დანიშნოს, ამაზე “ყველა შეთანხმებული” იყო კოალიცია “ქართულ ოცნებაში”.

პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ დემოკრატიისთვის მიუღებელია, კონსტიტუცია ერთი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების მიხედვით იცვლებოდეს. მისი აზრით, კონსტიტუციაში ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის თანხმობისა და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად მიღებული.

“საერთოდ, ქვეყანას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს დღეს გადასაჭრელი. ამ პრობლემებზე აპელირება პასუხისმგებლობის მქონე მმართველი ძალის მხრიდან უფრო მეტად უნდა ხდებოდეს, ვიდრე იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ვიღაცას არ მოსწონს პერსონალურად პრეზიდენტი მარგველაშვილი და ამის გამო უნდა, რომ კონსტიტუცია შეცვალოს”, – ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.

რა პოზიცია ექნებათ პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნის საკითხზე პარლამენტში შემავალ პარტიებს?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელი (12 ოქტომბრის) მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი, “ქართულ ოცნებასთან” ერთად, გადალახა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა”. პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევის საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებას, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს ენმ. ინიციატივას უარყოფითად აფასებს პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი ენმ-დან. ის ფიქრობს, რომ ამ ცვლილებით გაქრება ინსტიტუტი, რომელსაც სხვადასხვა საკითხის დაბალანსება შეეძლო.

“ლაპარაკი იდეალისტურ სურათებზე,  რომ ზოგიერთ ქვეყანას პრეზიდენტი არ ჰყავს, ან ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს,  არის სრული დემაგოგია და კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. დღეს მთავარი ამოცანაა, რომ ივანიშვილის კერძო საკუთრება არ გახდეს საჯარო სივრცე. ნებისმიერი, რაც მას აბალანსებს, არის მნიშვნელოვანი და გადასარჩენი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” დავით დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე პარტიაში არ უმსჯელიათ, თუმცა მიაჩნია, რომ ენმ-ის დიდი უმრავლესობა სწორედ ასე ფიქრობს.

მარკირების პროცესი. არჩევნები 2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ცესკოს 12 ოქტომბრის მონაცემების თანახმად, პარლამენტში პროპორციული სიით “ქართული ოცნების” 44, ენმ-ის – 27, ხოლო “პატრიოტთა ალიანსის” 6 დეპუტატი შედის. მაჟორიტარული წესით არჩევნებში კი მეორე ტური უნდა გაიმართოს. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ჯერჯერობით ბუნდოვანია, დაუჭერს თუ არა  მხარს ამ საკანონმდებლო ინიციატივას სპა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოჩა თევდორაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, ისინი ჯერჯერობით ვერ ხედავენ არგუმენტებს, თუ რატომ შეიძლება პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალოს:

“არგუმენტირებული დასაბუთება ამ ინიციატივისა არ გვინახავს და ასე ბრმად ამ კანონპროექტის მიღება და უთუოდ საკონსტიტუციო ცვლილება არ შეიძლება. მხარს არ დავუჭერთ ამ საკითხს მხოლოდ იმ არგუმენტაციით, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და ამიტომ უნდა აირჩიოს პარლამენტმა პრეზიდენტი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გოჩა თევდორაძემ.

პრეზიდენტის არჩევის წესის შესაცვლელად ცვლილება კონსტიტუციაში უნდა განხორციელდეს, რასაც პარლამენტართა არანაკლებ ¾-ის (არანაკლებ 113 წევრის) მხარდაჭერა სჭირდება. დღევანდელი მოცემულობით, მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს — ამისთვის 113 მანდატია საჭირო. (წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: 1/2=3/4 – რატომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა).

უნდა გაუქმდეს თუ არა პირდაპირი გზით პრეზიდენტის არჩევნები?

კონსტიტუციონალისტი, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” თანამშრომელი, გიორგი ბურჯანაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მართალია, შერეული სისტემის მქონე ბევრ ქვეყანაში პრეზიდენტებს ირჩევენ პარლამენტები, თუმცა მათი თავისებურება ისაა, რომ ეს არის ორპალიატიანი პარლამენტი.

საქართველოს პარლამენტი ამჟამად ერთპალატიანია. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი.

როგორც კონსტიტუციონალისტი გიორგი ბურჯანაძე განმარტავს, ორპალატიანი პარლამენტი საქართველოში მანამ არ იქნება, ვიდრე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კოფლიქტი, – ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ მოგვარდება. “ერთპალატიან პარლამენტს რომ ავარჩევინოთ პრეზიდენტი, საბოლოო ჯამში, მივიღებთ იმას, რომ პრეზიდენტი იქნება ზედმეტად დაქვემდებარებული პარლამენტზე, ძალიან სუსტი იქნება მისი ნებისმიერი ლეგიტიმაცია და საკუთარ ფუნქციებს ვერ შეასრულებს”, – ფიქრობს გიორგი ბურჯანაძე.

ექსპერტს მიაჩნია, რომ შეიძლება პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს, თუმცა ეს გამართლებული მხოლოდ ორპალატიან პარლამენტში იქნება.

გიორგი ბურჯანაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნა ძალაუფლების კონცენტრირებასაც გამოიწვევს ერთ ინსტიტუტში და არც ერთ შემთხვევაში აღარ იარსებებს ძალაუფლების ლეგიტიმაციის ალტერნატიული წყარო. “სანამ ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული გვაქვს და ორპალატიანი პარლამენტი ვერ ფუნქციონირებს, საუკეთესო გამოსავალია, თუკი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ავირჩევთ”, – ამბობს ბურჯანაძე.

სამეზობლოს გამოცდილება

2015 წელს საქართველოს მეზობელ სომხეთში დღის წესრიგში დადგა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, რაც ითვალისწინებდა ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმიდან საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლას. ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგების თანახმად,  საკონტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა 63,35%-მა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა 32,35%-მა. 

კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტს, რომელიც სიმბოლური ხასიათის ფუნქციებს შეითავსებს, აირჩევს ამომრჩეველთა ჯგუფი. ამომრჩეველთა ჯგუფი კი პარლამენტის დეპუტატებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.

პრეზიდენტის კანდიდატურის წამოსაყენებლად აუცილებელია ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ ⅕. პრეზიდენტად აირჩევა კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების მინიმუმ ⅗-ს. თუკი პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას, გამოცხადდებოდა მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველი ტურის ყველა კანდიდატი მიიღებს, თუმცა გამარჯვებისთვის უკვე აუცილებელი ხდება ამომრჩეველთა არანაკლებ ნახევრის ხმების მიღება. თუკი ამ შემთხვევაშიც ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას, გამოცხადდება მესამე ტური, რომელშიც ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობს, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღეს. გამარჯვებული გახდება ის, ვინც ხმების უფრო მეტ რაოდენობას მიიღებს. ამ ცვლილებისადმი დიდი წინააღმდეგობის და საპროტესტო აქციების მიუხედავად, რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, სომხეთი ამ მოდელზე 2017 წლიდან უნდა გადავიდეს.


გამოკითხვა

თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი? მიიღეთ მონაწილოება ნეტგაზეთის ინტერნეტ გამოკითხვაში და დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ერთი IP მისამართიდან ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. გამოკითხვა 19 ოქტომბერს დასრულდება.

 


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე.