არჩევნებამდე 3 კვირის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” 4 651 873 ლარი მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი სამკვირიანი დეკლარაციის მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” 2016 წლის 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით 4 651 873 ლარის შემოსავალი მიიღო.

ამ პერიოდში “ქართულ ოცნებას” 2 864 433 ლარი მხოლოდ ფიზიკურმა პირებმა შესწირეს. პარტიას მაქსიმალური შესაწირი თანხა, 60 000 ლარი თვრამეტმა ფიზიკურმა პირმა შესწირა.

დეკლარაციის მიხედვით “ქართულმა ოცნებამ” ამ სამკვირიანი პერიოდის განმავლობაში 9 681 336 ლარი დახარჯა, თუმცა, როგორც აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რეალურად ეს არის პარტიის მიერ დახარჯული თანხა წინასაარჩევნო პერიოდში – ივლისიდან არჩევნების დღემდე. პარტიას ყველაზე მეტი ფული რეკლამაზე აქვს დახარჯული, 6 446 013 ლარი. თუმცა ეს არის ჯამური თანხა, რომელიც პარტიამ ყველა ტიპის რეკლამაზე ივლისის თვიდან მოყოლებული გაწია. “ნეტგაზეთმა” თარიღების მიხედვით დათვალა რეკლამაზე გაწეული ხარჯი 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე, რის შედეგადაც ირკვევა, რომ ‘ქართულ ოცნებას” ბოლო სამი კვირის მანძილზე ყველა ტიპის რეკლამაზე 577 778 ლარი აქვს დახარჯული.

“ქართულ ოცნებას”, 21 სექტემბრის მონაცემებით, ანგარიშზე ნაშთის სახით 8 666 214 ლარის ღირებულების აქტივი ჰქონდა, ხოლო 8 ოქტომბრის მონაცემებით, ეს თანხა 3 189 312 ლარამდე შემცირდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com