რაზე შეთანხმდნენ საქართველო და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება

14 ოქტომბერს ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შეერთების შესახებ ოქმს. ქართულმა მხარემ ხელშეკრულებაში მითითებული დირექტივებისა და შესაბამისი ვადების გათვალისწინებით სამართლებრივ და ტექნიკურ დონეზე ენერგეტიკის სფეროში არსებული ცვლილებები უნდა განახორციელოს.

ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ენიჭება ყველა ის უფლება და  მოვალეობები, რაც კავშირის წევრ მხარეებს აქვთ.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად, პირველ რიგში, საჭიროა, ამოქმედდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, მომზადდეს სამართლებრივი დოკუმენტები და საქართველოს პარლამენტმა წევრობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინოს, რაც, სავარაუდოდ, 2017 წლის გაზაფხულზე მოხდება. რატიფიცირებიდან 1 თვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, საქართველო მიიღებს სტატუსს და, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, დაიწყებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დირექტივების შესრულებას. დირექტივები კი 2017-დან 2023 წლამდეა გაწერილი.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო პირდაპირ არ უკავშირდება ენერგეტიკის გაერთიანებას და საჭიროებს სპეციფიკურ მიდგომებს, შეთანხმდენენ, რომ საქართველოში გამავალი მნიშვნელოვანი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურის შესახებ საქართველოს მთავრობის დადებული ხელშეკრულებები არ გადაიხედება.

საქართველოს მიერ ნავთობსადენებსა და გაზსადენზე გაფორმებული ხელშეკრულებები გაერთიანების პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა, რაც მოლაპარაკებების პროცესში დაბრკოლებებს ქმნიდა, თუმცა ამ ეტაპზე გაერთიანება მზადყოფნას გამოთქვამს, რომ 2026 წლის 31 აგვისტომდე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაზის სატრანზიტო პირობების შესახებ დადებულ ხელშეკრულებებს თავიდან არ განიხილავს.

“ამ ხელშეკრულების გადახედვისგან გამოთავისუფლებულია სატრანზიტო ხელშეკრულებების ნაწილი, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანთან აქვს დადებული. ჩვენთვის მეზობელ სახელმწიფოსთან ეს ხელშეკრულება არის მნიშვნელოვანი, ამიტომ არ გადაიხედება. რაც ნიშნავს, რომ 2026 წლის 31 აგვისტომდე ის სატრანზიტო პირობები, რაც გვაქვს, დარჩება,” – აცხადებს ენერგეტიკის სამინისტოს საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სპეციალისტი მაია მახარაშვილი.

ხელშეკრულების დირექტივების თანახმად, მიწოდების უსაფრთხოება ენერგეტიკის ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანი ნაწილია. 2019 წლის ბოლომდე ენერგეტიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის, ხოლო 2020 წლის ბოლომდე ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. მიწოდების უსაფრთხოებაში კი მარაგების შექმნა და კრიზისული სიტუაციების მართვა მოიაზრება. ასევე, ნავთოპროდუქტების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ჩნდება ნავთობმომარაგების რეზერვების შექმნის ვალდებულება.

არსებულზე კონკურენტული და ლიბერალიზებული ბაზარი ქართულმა მხარემ 2018-2020 წლებში უნდა შექმნას. ეს ეხება როგორც ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი აირის ბაზარსა და ფასებს.

“ბაზრის დარეგულირებამდე იქნება გარდამავალი პერიოდიც, როდესაც ფასები შესაძლოა გაიზარდოს, ამიტომ ამისათვისაც სამინისტრომ წინასწარ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია, თავდაცვითი ღონისძიებები, რადგან მომხმარებელმა თავის თავზე არ განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. ახალი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება დროსთანაა დაკავშირებული,” – ამბობს მაია მახარაშვილი.

ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის წყაროების რესურსების რაციონალური ათვისების საკითხიც. 2018 წლის ბოლომდე საქართველო ვალდებულია წაახალისოს განახლებადი ენერგიის გამოყენება და გაზადროს ცნობადობა რესურსის შესახებ.

შეთანხმებაში პრიორიტეტულია გარემოს დაცვის საკითხებიც. ქართული მხარე იღებს ვალდებულებას, 2017 წლის ბოლომდე შეაფასოს საჯარო და კერძო პროექტებისაგან გამოწვეული ზიანი გარემოზე, მიიღოს 2018 წლისათვის ჰაერის დაბინძურების, ხოლო 2021 წლამდე თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის დონის შესახებ დირექტივები. მნიშვნელოვანია ინდუსტრიული ნარჩენების მართვის პოლიტიკაც, რომლის მოსაწესრიგებლად საქართველოს დრო 2026 წლამდე აქვს.

საქართველომ გაერთიანებაში პირველი შენატანი მიერთებიდან პირველი სრული საბიუჯეტო წლის შემდეგ უნდა განახორციელოს, რაც ამჟამინდელი გადაანგარიშებით 5 000 ევროს შეადგენს, თუმცა გადაანგარიშება ვალუტის კურსის ცვლილებაზეა დამოკიდებული.

ევროპის ენერგეტიკული კავშირი 2006 წელს დაარსდა. მისი მიზანია, გააფართოოს ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზარი და გააერთიანოს ქვეყნები საერთო საკანონმდებლო სივრცის ქვეშ. საქართველომ 2007 წლიდან მოიპოვა ორგანიზაციის “დამკვირვებლის” სტატუსი. 2013 წელს კი ოფიციალურად გამოთქვა წევრობის სურვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი