ახალი ამბები

საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას

14 ოქტომბერი, 2016 • 1930
საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას

ენერგეტიკის სამინსიტროს ვებგვერდის ცნობით, დღეს, 14 ოქტომბერს, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალზე ხელი მოაწერა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმს. შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ საქართველო „ენერგეტიკული გაერთიანების“ ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი გახდება.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო დამკვირვებლის სტატუსით 2007 წლიდან სარგებლობს. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების დათქმის შესაბამისად, საქართველომ ევროკომისიასთან ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2014 წლიდან დაიწყო. სამინისტროსვე ცნობით, ბოლო რაუნდი მიმდინარე წლის მაისის თვეში გაიმართა, რომელიც, მათი შეფასებით, ნაყოფიერად დასრულდა და მხარეები შეჯერდნენ საერთო პოზიციებზე.

„ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ საქართველოს გაწევრიანებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროპულ ოჯახთან დაახლოებისათვის და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის. საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა, შექმნას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული სექტორი, განავითაროს კონკურენტული ბაზარი, გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი და ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარებასა და ენერგოეფექტურობას. ასევე, მნიშვნელოვანია გარემოსდაცვისა და სტატისტიკის მიმართულებებიც და საქართველო ამ მხრივაც იმუშავებს ევროპული გამოცდილებისა და მიღწევების დანერგვის თვალსაზრისით”, – წერს ენერგეტიკის სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი