ახალი ამბები

112-ის ახალი აპლიკაცია და კითხვები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით

26 სექტემბერი, 2016 • 2727
112-ის ახალი აპლიკაცია და კითხვები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი (112) თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სამ ახალ პროექტს („მობილური აპლიკაცია“, „eCall Georgia“ და „პროგრამა საპატრულო ეკიპაჟებისთვის“) იწყებს, რომელთა მიზანია ავტოავარიების შედეგად დამდგარი ფატალური შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა ჩნდება კითხვა, იქნება თუ არა დაცული იმ მომხარებლების პერსონალური მონაცემები, რომლებიც ამ სერვისებში ჩაერთვებიან.

112-ის მობილური აპლიკაცია

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბრიდან „112“ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით აამოქმედებს მობილურ აპლიკაციას, რომელიც მოქალაქესა და გადაუდებელი დახმარების ნომრის ოპერატორს შორის უმოკლეს დროში კავშირის დამყარებისა და ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. შსს-ში აცხადებენ, რომ მობილური აპლიკაცია მსოფლიოს 13 ქვეყანაშია დანერგილი და ამიერიდან ის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. აპლიკაცია უფასოა, სამენოვანი და გააჩნია IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა.

112-ის მობილური აპლიკაციის პროექტის ხელმძღვანელი ქეთი კლიმიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ აპლიკაცია მომხარებლისაგან დამოუკიდებლად მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას ვერ მიიღებს. მისი განმარტებით, სისტემა ჯი-პი-ესის დახმარებით იმუშავებს.

“როდესაც ხელს დააჭერს ღილაკს, ის ჰკითხავს მომხმარებელს: გსურთ თუ არა გაააქტიუროთ თქვენი კოორდინატები. თუ მიიღებს თანხმობას, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადმოსცემს 112-ს ლოკაციას”.

კითხვას, დაცვის რა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ აპლიკაცია სისტემამ ან მის შიგნით მომუშავე ადამიანმა სხვა არალეგიტიმური მიზნებისთვის არ გამოიყენოს, ქეთი კლიმიაშვილი პასუხობს:

“თქვენ არასწორად გესმით, თქვენ გგონიათ, რომ [აპლიკაცია] სულ ჩართულია და ადამიანის ადგილმდებარეობას ადგენს [მობილური ტელეფონის მეშვეობით]. ასე არ არის. როდესაც მომხარებელი ახორციელებს ზარს, საკუთარი სურვილით თუ ჩართავს და ლოკაციას გადმოგზავნის, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ ჩვენ შეტყობინებას. მომხარებელი თვითონ წყვეტს ამას. გარედან ვერავინ ვერ შევა. მომხარებელი თვითონ რთავს და თიშავს აპლიკაციას. ზარი იწყება, [სრულდება] და შემდეგ ითიშება ეს ყველაფერი. როდესაც თქვენ გექნებათ წვდომა და გადმოწერთ [აპლიკაციას], მიხვდებით, რომ მომხარებელზე ძალიან მორგებული აპლიკაციაა”, – აცხადებს კლიმიაშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რა არის პროექტის მიზანი, კლიმიაშვილი განმარტავს, რომ ეს არის დრო და ასევე გარკვეული გაუგებრობების თავიდან აცილება, რომელიც იმ შემთხვევაში წარმოიქმნება ხოლმე, როდესაც ადამიანს უჭირს მისი ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება:

“ბევრი ტურისტიც დაკარგულა, ქუჩაში არიან, მაგრამ არ იციან [კონკრეტულად], სად. ამ შემთხვევაში ძალიან უჭირთ ხოლმე აღწერა. როდესაც ეს აპლიკაცია ექნებათ და ლოკაციას თავისი სურვილით გადმოაგზავნიან, ოპერატორი დაინახავს რუკაზე, აღმოაჩენს და იმ ადგილას გაგზავნის დახმარებას. [აპლიკაციას მუშაობისთვის] ინტერნეტი სჭირდება, მაგრამ თუ ინტერნეტი არ ექნება, ვთავაზობთ ალტერნატივას ეს-ემ-ესის სახით, აპლიკაცია თვითონ შესთავაზებს მომხარებელს, ხომ არ გსურთ, რომ თქვენი ლოკაციის შესახებ ინფორმაცია SMS-ის მეშვეობით გაგზავნოთო”. “112 ყველამ ისედაც იცის და ეს აპლიკაცია არის დმაატებითი გზა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ 112-ზე აღარ დარეკოს, შეუძლია დარეკოს, უბრალოდ, დამატებით სერვისს ვთავაზობთ”.

ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტის, კონსტანტინ სტალინსკის თქმით, იმაში დასარწმუნებლად, რომ აპლიკაცია მხოლოდ დეკლარირებული, ლეგიტიმური მიზნებისთვის მუშაობს და სხვა ტიპის ინფორმაციას არ ამუშავებს, არსებობს გზა: მისი საწყისი კოდის ღიად გამოქვეყნება:

“თუ ეს აპლიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ანუ ჩვენი ფულით კეთდება, კოდი უნდა იყოს გახსნილი… ანუ ამ აპლიკაციის საწყისი კოდი ხელმისავწდომი უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, სანამ ადამიანები დავიწყებთ ამ აპლიკაციის ტელეფონებში დაინსტალირებას. ამით შევამოწმებთ იმას, ასრულებს თუ არა აპლიკაცია რაიმე დამატებით ოპერაციას, ანუ მხოლოდ გამოძახების დროს იწყებს მოქმედებას და რაიმე ტიპის ინფორმაციის გაგზავნას [ოპერატორთან], თუ ფონურ რეჟიმში მუშაობს და ფონურ რეჟმში აგზავნის იფნორმაციას. ეს კოდი უნდა იდოს თუნდაც შსს-ს საიტზე. Play Store-ზე უკვე დაკომპილირებული აპლიკაცია დევს, მე ვსაუბრობ საწყის კოდზე. პროგრამას ხომ დაწერენ? სანამ დააკომპილირებენ IOS-ისთვის ან ანდროიდისთვის, აი, ეს საწყისი კოდი, შესაძლოა, იდოს შსს-ს საიტზე”, – ამბობს სტალინსკი ნეტგაზეთთან საუბარში.

შსს-მ ეს კოდი რომც გამოაქვეყნოს, როგორ უნდა გაარკვიოს მომხარებელმა, ეს ნამდვილად იმ აპლიკაციის კოდია, რომელსაც ტელეფონში აინსტალირებს, თუ სხვისი?

“მაგისთვის არსებობენ დეველოპერები და ყოველთვის შეუძლიათ ვერიფიკაცია. [თუ ის ანდროიდზე განთავსებული დახურულია?] ის დახურული ვერ იქნება, მისი დეკომპილირება შესაძლებელია, მაგრამ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რას ასრულებს ეს ოპერაცია იმიტომ, რომ თუ სასამართლო დავამდე მივა საქმე, ხელთ უნდა გვქონდეს ყველანაირი ნივთმტკიცებულება”, – ამბობს სტალინსკი.

112-ის IT სამსახურის უფროსი გიორგი სულთანიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ისინი ზემოხსენებულ კოდს ღია პლატფორმაზე ვერ დადებენ, რადგან  მის უსაფრთხოებას დაასუსტებს და ჰაკერებისათვის საქმეს გაამარტივებს:

“112 არის კრიტიკული ინფორმაციული სუბიექტების ნუსხაში პრეზიდენტის ბრძანებით, შესაბამისად, უსაფრთხოება ჩვენთვის #1 [პრიორიტეტია]. 112-ის შეფერხება ქვეყნის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას და აგიხსნით, რატომ არ არის მიზანშეწონილი უსაფრთხოების თვალსაზრისით ამის გამოქვეყნება. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არც ერთი საჯარო სამსახური არ იყენებს ე.წ. ღია კოდს. შეიძლება გამონაკლისები იყოს, მაგრამ ასეთი პრაქტიკა არ არის. რატომ ხდება ეს. როდესაც ღია კოდს აქვეყნებ, ამით არაკეთილმოსურნეს ძალიან უადვილებ… რაღაცით კარნახობ არქიტექტურას და ასუსტებ უსაფრთხოებას. ხალხი რომ დავამშიდოთ და თქვენც სწორედ მიიტანოთ ინფორმაცია მომხარებლამდე, გეტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ დეკლარირებული მიზნისთვის ვიყენებთ ამ აპლიკაციას. მანამ, სანამ აპლიკაციას ღია ბაზარზე ატვირთავ, ის გარკვეულ პროცედურებს გადის. მაგალითად, ავიღოთ ეფლის IOS, სანამ იქ აპლიკაციას ატვირთავ, საჭიროა ხანგრლივი პროცედურები. ჩვენ იქ სწორედ იმ ღია კოდს ვაგზავნით, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. ისინი სწავლობენ ამ კოდს და თუ რაიმე საეჭვო ნახეს, ანუ თუ ჩვენ კოდში რამე ისეთი გვიდევს, რაც შეიძლება, რომ მომხარებელმა არ იცოდეს,  მას აუცილებლად ბლოკავენ და არავითარ შემთხვევაში არ დადებენ [ეფლის მარკეტზე]. ანუ ეს ეფლის ვერიფიცირებული სოფტია, ეფლი კი ერთ-ერთი ყველაზე დაცული სისტემაა. არანაკლებია ანდროიდიც. ეს არის ალფა ვერსია, მას მოჰყვება ბეტა, ისინი კიდევ აკვირდებიან ჩვენს კოდს და როდესაც  ყველასთვის ხელიმსაწვდომი გახდება სოფტი, მაგ დროს უკვე ეფლის მიერ ვერიფიცირებული იქნება. ჩვენ სოფტში  ჩაშენებული გვაქვს წესები და პირობები, რომელსაც ეთანხმება ადამიანი და მისი თანხმობით ვიყენებთ მის ადგილმდებარეობას. გადაადგილების მარშრუტი ჩვენთვის უცნობი რჩება, როცა ადამიანი დაეთანხმება იმას,   რომ 112-ში გაიზგავნოს მისი [ადგილმდებარეობის] მონაცემები, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვხედავთ ამას”, – ამბობს სულთანიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, იყო თუ არა ჩართული ზემოხსენებული აპლიკაციის მომზადების პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი, რაზეც გვითხრეს:

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ამ პროექტების მომზადებისას სამუშაო პროცესში ჩართული არ ყოფილა. ამ ეტაპზე კონკრეტული შეფასების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა დავინტერესდებით ამ საკითხით”, – აცხადებენ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორში.

 

eCall Georgia

“შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი საქართველოში ასევე ნერგავს ევროკავშირის ინიციატივით შემუშავებულ საპილოტე პროექტს – eCall Georgia, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას სატრანსპორტო საშუალებაში წინასწარ ჩამონტაჟებული სისტემის (In-Vehicle System, IVS) მეშვეობით გადაუდებელი დახმარების ნომერზე ავტომატური განგაშის სიგნალის გაგზავნას გულისხმობს ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით”, – აცხადებენ შსს-ში.

ამ პროექტის ხელმძღვანელი თიკო გზირიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ პროგრამა ავტომობილის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში არ ამუშავებს. მისი თქმით, მომხარებლის ავტომობილის ადგილმდებარეობის შესახებ პროგრამა ინფორმაციას მხოლოდ ორ შემთხვევაში მიიღებს: 1. როდესაც შეჯახება მოხდება და 2. როცა მომხარებელი თვითონ ჩართავს ე.წ. SOS ღილაკს. გზირიშვილი ამბობს, რომ სისტემას აქვს თავისი სენსორები და შკალა, რითიც შეჯახების ხარისხს ითვლის: “არა პატარა მუხრუჭზე, არამედ საშუალო შეჯახებაზე რეაგირებს სისტემა. ანუ ე.წ. რეზკი ტორმუზის შემთხვევაში სისტემა არ გააქტიურდება. სენსორი მხოლოდ შეჯახებას აფიქსირებს”.

14441190_885860681515932_1002505481134444514_n

“როდესაც მომხარებელი ირჩევს, რომ ამ სისტემაში ჩაერთოს, თვითონ ამბობს თანხმობას, რომ როდესაც მე დავეჯახები რამეს, ჩემი უსაფრთხოებიდანვე გამომდინარე, ჩემი ზუსტი ადგილმდებარეობის ამსხველი ინფორმაცია წავიდეს 112-ში იმისათვის, რომ უფრო სწრაფად მოვიდეს ბრიგადა. ეს სისტემა ისეა მოწყობილი, რომ შეჯახების გარეშე ლოკაციის შესახებ ინფორმაცია არ მოდის. მეორე შემთხვევაა SOS ღილაკი. თუ ადამიანს ტელეფონი დაუჯდა ან ვერ გვიკავშირდება, ან სხვა ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველია, აჭერს ხელს ამ ღილაკს და ვიღებთ ინფორმაციას ზუსტი ადგილმდებაროების შესახებ. ამ ორი შემთხვევის გარდა, ჩვენ ვერაფერს ვერ ვხედავთ და ვერ ვამოწმებთ”, – ამბობს გზირიშვილი და პროექტის მიზანს ასე განმარტავს:

“ეს არის დაზოგილი დრო და ამის ხარჯზე უფრო მეტი გადარჩენილი სიცოცხლე. რაც უფრო სწრაფად მიდის ბრიგადა შემთხვევის ადგილზე, მით უფრო ნაკლებია ფატალური შედეგების რაოდენობა”. მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ავტოსაგზაო ინციდენტის შემდეგ დაზარალებული ითიშება და 112-ში დარეკვას ვერ ახერხებს, სწორედ ასეთი ფაქტების პრევენციისთვის არის ეს სისტემა შექმნილი. მისივე თქმით, IVS მოწყობილობას მანქანაში არა შსს, არამედ კერძო კომპანიები (მომხარებლის სურვილის შემთხვევაში) ჩააყენებენ, ხოლო სისტემის ელექტრონული პროგრამა 112-მა შექმნა და მისი გამოყენება ყველასთვის უფასო იქნება.

მე-3 პროგრამა

უწყებაში აცხადებენ, რომ „112“-ის მესამე, ახალი პროექტი, ინფორმაციის ვიზუალური მიმოცვლის მიზნით, სპეციალურად საპატრულო ეკიპაჟებისთვის შეიქმნა. საპატრულო ეკიპაჟებში განთავსებულ პორტატულ კომპიუტერებში ჩაწერილი პროგრამა „112“-ში გადაუდებელი შემთხვევის შესახებ შესული შეტყობინების შესახებ ეკიპაჟის დეტალურ და მყისიერ ინფორმირებას უზრუნველყოფს. ანალოგიური პროგრამა უახლოეს მომავალში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვისაც დაინერგება.

“დასავლური სტანდარტების, თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული ახალი პროექტები „112“-ის მომსახურებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს, საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების დროს საგრძნობლად შეამცირებს და მოქალაქეთა უსაფრთხოების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის”, – აცხადებენ უწყებაში.

„112“-ის საქმიანობა ძირითადად სწორედ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. ამდენად, ცენტრის მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული პროექტებია. ეს პროექტები ბევრად მობილურს ხდის „112“-ის მომსახურებას და კიდევ უფრო მეტად ხდება მომხმარებელის ინტერესებსა და მოთხოვნებზე ორიენტირებული“, – განაცხადა შინაგან საქმეთ მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი