ახალი ამბები

ივანიშვილი: ჩემს შენიშვნებს პასუხად მოჰყვა ცილისწამება

29 მაისი, 2012 • 1050
ივანიშვილი: ჩემს შენიშვნებს პასუხად მოჰყვა ცილისწამება

“საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით ჩემ მიერ გამოთქმულ შენიშვნებს ამ ტელევიზიის მესვეურთა მხრიდან პასუხად მოჰყვა ცილისწამება, თითქოს, მე, მედიაზე და, კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე „ზეწოლის“ კამპანია მაქვს გაშლილი და საზოგადოებრივ მაუწყებელს ვაშანტაჟებ, როცა ვაცხადებ, რომ საზოგადოების ფულით დაფინანსებული ტელევიზია თავის სათანადო მოვალეობას უნდა ასრულებდეს და არ უნდა ემსახურებოდეს ტყუილის შექმნასა და ტირაჟირებას,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

ბიძინა ივანიშვილი განცხადებაში განმარტავს, რომ მისი შენიშვნა ეხებოდა მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს საზოგადოების ინტერესების გამომხატველი და არა რომელიმე ხელისუფლების ნების აღმსრულებელი და მსახური.

 

კოალიცია  „ქართული ოცნება“ საზოგადოებას პირდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის სამსახურში ჩადგეს და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იყოს.

 

“ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა თითოეული ჟურნალისტი იყოს თავისუფალი, დაცული, ვეღარავინ აიძულოს ისინი მხოლოდ დიქტორის როლში ყოფნა და აღარ მოუწიოთ რომელიმე ერთი პოლიტიკური გუნდის ინტერესების გატარება. ჩვენ პირობას ვაძლევთ ჩვენს ხალხს, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ამ მაუწყებლისადმი ნდობა, რეალურად გახდეს საზოგადოების ყველა ფენის ინტერესების გამომხატველი და იყოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი,”– ნათქვამია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სპეციალურ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი