ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროსთან ჟურნალისტები აქციას გამართავენ

23 მაისი, 2012 • 1015
იუსტიციის სამინისტროსთან ჟურნალისტები აქციას გამართავენ

აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებასა და იმ ჩინოვნიკების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ან უკანონოდ დააკავეს.

 

„ბოლო ორ თვეში ჟურნალისტებზე ზეწოლის 20 ფაქტი მოხდა. ხელისუფლება უარს ამბობს ამ ფაქტების გამოძიებაზე. არ დასჯილა არც ერთი მოძალადე ჩინოვნიკი. თუ ხარ ჟურნალისტი, თუ თვლი, რომ შენი უფლებები ირღვევა, თუ ფიქრობ, რომ შენს კოლეგებზე ზეწოლის ფაქტები გამოსაძიებელია, შემოგვიერთდი! ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები! ერთად მოვითხოვოთ ამ საქმეების გამოძიება! იყავი სოლიდარული!“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.

 

აქციაზე გავრცელდება საქართველოში მოქმედი მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების განცხადება, რომლითაც ისინი მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება და  უზრუნველყოს ქვეყანაში ჟურნალისტთა საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ასევე, აქციის მონაწილეები საერთაშორისო ორგანიზაციებს დეტალურად გააცნობენ ჟურნალისტთა ხელყოფისა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი