ახალი ამბები

EMC მუსლიმი თემის უფლებების დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

15 სექტემბერი, 2016 • 1629
EMC მუსლიმი თემის უფლებების დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2014 წელს სოფელ მოხეში მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის ფაქტებზე განაცხადი წარადგინა. განაცხადში EMC დავობს მშვიდობიანი შეკრების მონაწილე ოთხი მუსლიმი პირის მიმართ პოლიციის მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და განმცხადებლების მიმართ ევროპული კონვენციის მე-3, მე-8, მე-14 და მე-13 მუხლების დარღვევას ამტკიცებს. EMC საქმეს პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ ცენტრთან ერთად (EHRAC) აწარმოებს.

EMC-ში აცხადებენ, რომ შეკრების ადგილზე დაკავებისას ცემის გარდა, აღნიშნული პირები პოლიციის განყოფილებაში ფსიქოლოგიური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ, ერთ-ერთი მათგანის მიმართ კი სასტიკი ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. საპოლიციო ღონისძიების ყველა ეტაპზე კი დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ რელიგიური ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები.

“პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება თითქმის ორი წელია მიმდინარეობს, თუმცა EMC-ის არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე განმცხადებლებს დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვთ მინიჭებული. ეს გარემოება განმცხადებლებს სრულად ართმევს გამოძიების პროცესის კონტროლისა და ზედამხედველობის შესაძლებლობას. საქმეში პრობლემურია სადავო ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც, რადგან პროკურატურა სრულიად უგულებელყოფს პოლიციის ქმედებებში სიძულვილის მოტივის არსებობის შესახებ შექმნილ გონივრულ ვარაუდს. მოწმეების მხრიდან კანონის დარღვევით მოქმედი კონკრეტული პოლიციელების იდენტიფიცირების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი თანამშრომლის მიმართ არ ჩატარებულა ამოცნობის საგამოძიებო ღონისძიება და არც სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულა. მნიშვნელოვანია, რომ მოწმეთა მიერ დასახელებული პირების რაიმე ფორმით დასჯის ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი გელა კოხოძე დაწინაურდა და აღნიშნული ინციდენტის შემდგომ მოხეში საგანგებოდ გახსნილი პოლიციის განყოფილების უფროსად დაინიშნა.” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

განაცხადში, მოხეში მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის გარდა, EMC უთითებს მუსლიმი თემის მიმართ რელიგიური ნიშნით ძალადობისა და შეუწყნარებლობის სისტემურ ფაქტებზე (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, მოხე, ქობულეთი, ადიგენი) და ამ მიმართულებით სახელმწიფოს არაეფექტურ და არასეკულარულ პოლიტიკაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი