ახალი ამბები

ვოლსკის თქმით, მას აქვს გონივრული ეჭვი, რომ ნიკა გვარამიამ ჩანაწერი თვითონ გახადა საჯარო

14 სექტემბერი, 2016 • 1208
ვოლსკის თქმით, მას აქვს გონივრული ეჭვი, რომ ნიკა გვარამიამ ჩანაწერი თვითონ გახადა საჯარო

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რა მიზნით უნდა მოესმინა სახელმწიუფო უსაფრთხოების სამსახურს ნიკა გვარამიასთვის და პაატა ბურჭულაძისთვის. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა.

“აბსოლუტურად გაუგებარია, რა მიზნით უნდა მოესმინათ [სუს-ში], ან გამოექვეყნებინათ ჩანაწერი. ნიკა გვარამია რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ბოსია და ამ მთავრობის დამხობას რომ ლამობს, ეს ინტერვიუებში, ადრე გავრცელებულ ჩანაწერებში [ჩანს] და ნებისმიერ ზედაპირზე დევს ყველაფერი, რაც ნიკა გვარამიას პარტიასთან ურთიერთობასთანაა დაკავშირებული.  რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, კაცი არ არის საქართველოში, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პატარა ფილიალი შექმნა და ეგ[პაატა ბურჭულაძე] როგორც ქარიზმატული პიროვნება ჩაუდგა სათავეში,” – ამბობს გია ვოლსკი.

გია ვოლსკის თქმით, მას აქვს გონივრული ეჭვი, რომ ნიკა გვარამიამ თვითონ გახადა საჯარო ჩანაწერი:

“ერთს დააკვირდით, პაატა ბურჭულაძის თანაპარტიელები ფაქტიურად იმას ლაპარაკობენ, რაც საერთაშორისო შეკვეთაა. “ნაციონალური მოძრაობაც” რომ ხვდება ჩვენს უცხოელ პარტნიორების წარმომადგენლებს, მუდმივად ამბობენ, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ვითომ ძალიან დემოკრატიულები არიან, ამის წარმოჩენა სურთ. ასე რომ, ნიკა გვარამიას წამოწეული თემის მიზანი არის უსაფრთხოების სამსახურის დაზიანება, რომელიც უამრავ გამოწვევას უმკლავდება.  დააზიანოს უსაფრთხოების სამსახური და ამით დააზიანოს სახელისუფლებო გუნდი, შეუქმნას ასეთი იმიჯი.”

გია ვოლსკის აზრით, ეს პროცესი წინასაარჩევნო პერიოდს და უცხოელი დამკვირვებლების ჩამოსვლასთანაა კავშირში:

“ნიკა გვარამიას ყურმოჭრილი მონასავით ელაპარაკება პაატა ბურჭულაძე, ნიკა გვარამიას [აქვს] სურვილი, რომ ესენი ჩამოიშოროს, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ნიშაში შემოჭედილი შესაძლო კონკურენტი. ალბათ ჩათვალეს, რომ გარკვეული ხმების წაღება შეუძლიათ. წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ინტენსიური გახდა საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა, [სურს] აქცენტი გააკეთოს იმაზე, რომ თურმე უსმენენ ნიკა გვარამიას და ვითომ არ იცოდა ახლა… ადრეც ამბობდა, გვისმენენ, გვისმენენ და მერე გამოაქვს ფაქტი, რომ აი, თურმე მართლა გვისმენენ. შე კაი დედმამიშვილო, თუ ყოველდღე ამბობ, რომ გვისმენენ, გვისმენენო, გამოდის, რომ შენ ასეთ თემებზე ისეთ პირობებში შეგიძლია ლაპარაკი, როცა გჯერა, რომ გისმენენ.”

ვოლსკი დარწმუენებულია, რომ ქვეყანაში უკანონოდ არავის უსმენენ:

“არავითარი უკანონო მოსმენა არ ხდება ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა ზუსტად იციან, რა ოპერაციაში, თანაც კანონიერად მონაწილეობს ჩვენი უსაფრთხოების სამსახური და მთავარი შეტევები მიდის უსაფრთხოების სამსახურის მიმართულებით. ამ შეტევების ერთ-ერთი ორგანიზატორი არის “ნაციონალური მოძრაობა.” ნიკა გვარამია არის ამის რეალიზაციის გარკვეული მექანიზმი.    ასეთი მონური დამოკიდებულება და თითის ქნევაზე ასეთი შეშფოთება პაატა ბურჭულაძის, ისედაც ბევრი კრიტიკა მითქვამს მის მიმართ, მაგრამ ეს ძალიან დამთრგუნველი იყო, რომ ადამიანს შეუძლია ასეთი მკაცრი ტონით ლაპარაკი აიტანოს, მიიღოს და ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა, თურმე,” – აღნიშნავს ვოლსკი.

დღეს, 14 სექტემბერს, ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელზეც ნიკა გვარამიასა და პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარია ჩაწერილი. გვარამია დარწმუნებულია, რომ აუდიოჩანაწერი ინტერნეტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, რადგან, მისი თქმით, ჩანაწერის შინაარსის გასაჯაროება არც მისი და არც ბურჭულაძის ინტერესებში არ შედიოდა. ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა ბურჭულაძის პარტიის პრესსამსახურს, სადაც ასევე არ უარყვეს ჩანაწერის ავთენტურობა და კატეგორიულად გამორიცხეს ის საკითხი, რომ აუდიოჩანაწერის გავრცელება მათი პარტიის მხრიდან მოხდა.

8 სექტემბერს გვარამია ბურჭულაძეს ვაშინგტონში დაუკავშირდა და ესაუბრა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის, “გირჩის” წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებაზე “ქართულ ოცნებასთან” შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.

შსს-მ გამოძიება  პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით).

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის სატელეფონო საუბრის მოპოვებასთან და გავრცელებასთან კავშირს უარყოფს – ამის შესახებ ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი