ახალი ამბები

ირაკლი კუპრაძემ საკრებულოდან გაძევების დროს ტრავმა მიიღო

26 აგვისტო, 2016 • 1455
ირაკლი კუპრაძემ საკრებულოდან გაძევების დროს ტრავმა მიიღო

სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი კუპრაძემ დღეს, 26 აგვისტოს, თბილისის საკრებულოდან გაძევებისას გულ-მკერდის ტრავმა მიიღო, – ამის შესახებ ნეტგაზეთს თავად კუპრაძემ და მისმა მეგობრებმა საავადმყოფოს დატოვების შემდეგ განუცხადეს.

იგი “არამიანცის” საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც საკრებულოში მომხდარზე ახსნა-განმარტება ჩააბარა. მისივე თქმით, იმ განმარტებაში, რაც პოლიციას მისცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელიც ფიგურირებს:

“სამართალდარღვევიას ოქმი შედგა მომხდარ ფაქტთან დაკავშრებით და იმედი გვაქვს, რომ ძიება დაიწყება, რამდენად გადააჭარბეს თავის უფლებამოსილებას საკრებულოს დაცვის სამსახურმა და ასევე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, რომელთაგან ერთმა თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო.

როცა ჩემ გვერდით იდგნენ და ჩემმა მეგობარს სურდა, რომ ჩემ გვერდით დამდგარიყო, მან უთხრა, რომ არა, მე ჩემს სამსახურს ვასრულებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ვარ და აქ უნდა ვიდგეო. შემდეგ გამაფრთხილა, რომ არაფერი არ მოიმოქმედოო, როცა რაღაცის თქმას ვაპირებდი სხდომაზე. ბოლო 40 წუთის, 1 საათის განმავლობაში გვერდით იდგა და არ მოგვშორებია. ჩემს წრეზე იდგნენ ეგ და დაცვის სამსახური. არავის ახლოს არ უშვებდნენ, თითქოს წრე ჰქონდათ. სიტყვის მოცემა რომ ვითხოვე, დასრულებული არ მქონდა წინადადება, უკვე მიმათრევდნენ,”- განაცხადა ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბრისას ირაკლი კუპრაძემ.

რაც შეეხება საკრებულოდან გამოძევებისას მიღებულ დაზიანებებს, კუპრაძის თქმით, სერიოზული ტრავმები არ მიუღია:

“როგორც საავადმყოფოში მითხრეს, ხერხემლის ტრავმა არ არის, არის გულ-მკერდის ფერდის დაზიანება. გამაყუჩებელი ნემსები გამიკეთეს და დამინიშნეს ერთკვირიანი მკურნალობა,”- ამბობს კუპრაძე.

ირაკლი კუპრაძე საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მაშინ გამოაძევეს, როდესაც სიტყვით გამოსვლა მოითხოვა. “სიტყვას ვითხოვ! -” დაიძახა მან რამდენჯერმე, ვიდრე დაცვის თანამშრომლები მას დარბაზიდან გააძევენდნენ. გამოძევების პროცესში კუპრაძე კიბეზე დაეცა. როგორც ჩამოსვლის შემდეგ განაცხადა, იგი კიბეებზე ჩამოყვანისას წააქციეს და ზურგი სტკიოდა. ამის შემდეგ მისმა მეგობრებმა სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც საავადმყოფოში გადაიყვანა.

თბილისის საკრებულოში დავით ნარმანია დღეს 2-წლიანი ანგარიშით წარდგა. საკრებულოში საგანგებო ხდომა დაინიშნა და ნარმანია მოიწვიეს მას შემდეგ, რაც 17 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრას საპროტესტო აქციები მოჰყვა.

სწორედ ირაკლი კუპრაძე იყო ის სამოქალაქო აქტივისტი, რომელსაც თბილისის მერმა 24 აგვისტოს “მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა. მაშინ თბილისის მერიაში შეხვედრა გამწვანების რეგულაციების თემაზე მიმდინარეობდა, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. კუპრაძის თქმით, სამოქალაქო აქტივისტებსა და მერს შორის დაპირისპირება მოჰყვა თბილისის მერიის დამცველების განცხადებების იმის შესახებ, რომ დედაქალაქში ხეების ჭრა და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა ცუდ მენეჯმენტს და უკანონო ნებართვებს კი არ უკავშირდება, არამედ ეს მდგომარეობა არის მხოლოდ გლობალური დათბობის ბრალი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი